თბილისის ტურისტულ ზონებში ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს გაუუქმდა რეგისტრაცია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თბილისში ჩატარებული შემოწმების შედეგად, 25 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს გაუუქმა რეგისტრაცია,
10 პუნქტი კი დააჯარიმა. ეროვნული ბანკის განმარტებით,
დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტებს
მომხმარებელი შეგნებულად შეჰყავდათ შეცდომაში.
,,დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ, რითაც მომხმარებელი შეგნებულად შეჰყავდათ შეცდომაში.
სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს ( ასეთის არსებობის შემთხვევაში ) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში”, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.