თბილისის ზოოპარკმა წყალდიდობის შემდეგ საჩუქრად ახალი ცხოველები მიიღო [Photo]

ივნისის წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოლოგიური პარკი ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული ცხოველების პირველი ნაკადი მიიღო, – ნათქვამია თბილისის ზოოპარკის Facebook-გვერდზე.
რიგის ზოოპარკმა თბილისში 7 ცხოველი გამოაგზავნა: 2 თუთიყუში არარაუნა, 3 ალპაკა, 1 აქლემი და 1 აზავერი. აქლემი ვილი უკვე ჩამოვიდა და უპირველესად ქართული ვაშლები შეახრამუნა.
რიგის ზოოპარკი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა თბილისის ზოოპარკის კოლექციის ცხოველებით შევსების ინიციატივას. რიგის დუმამ მათი ტრანსპორტირებისთვის 15,000 ევრო გამოყო. კოლექციის შევსების გეგმა თბილისის ზოოპარკში „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) მენტორთან ერთად მომზადდა. პირველი ეტაპისთვის შეირჩა ცხოველები, რომელთა ვოლიერების მშენებლობაც არსებულ ტერიტორიაზე მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი.
„თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ წევრობის კანდიდატია. EAZA-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე ჩვენი დელეგაციის თხოვნას კოლექციის შევსებასთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალი ზოოპარკი გამოეხმაურა. საზოგადოებას ახალი ცხოველების ჩამოყვანას გაზაფხულზე დავპირდით და სიტყვა შევასრულეთ. ახლო მომავალში ზოოპარკს კიდევ ბევრი საინტერესო ცხოველი შეემატება, ასე რომ, ველით დამთვალიერებლებს“, _ აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
შემდეგ ეტაპზე თბილისის ზოოპარკი ჰამადრილებს, მაკაკებს, მანგუსტებს, კოატებს, მაჩვზღარბებს, ვალაბებს, ტაპირებსა და სხვა ცხოველებს ელოდება ანტვერპენის, ამერსფორტის, დუისბურგის, უიპსნეიდის, იზმირის, იერუსალიმისა და სხვა ზოოპარკებისგან. სრულდება პრიმატების კონცეპტუალურად ახალი ტიპის ვოლიერების მშენებლობა. თითქმის დამთავრებულია ვალაბებისა და ტაპირების ახალი ვოლიერი.
თბილისის ზოოპარკის დამთვალიერებლებმა თუთიყუშების მონახულება უკვე 19 მარტიდან შეძლეს, ხოლო ჩლიქოსნების ნახვა შესაძლებელი 22 მარტიდან გახდება.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31709″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]