თბილისსა და აჭარაში საპროტესტო აქციები გრძელდება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.
უწყვეტი პროტესტის 148-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
შეკრებილების განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულ მოქალაქეებს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხვალ ბათუმში ევროპის მოედანზე გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მათ მიაჩნიათ, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში რჩება.
“მოვითხოვთ, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას”, – აღნიშნეს შეკრებილებმა.