მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისსა და ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილი არიან მზია ამაღლობელის მეგობრები, კოლეგები და მხარდამჭერები.

აქციას ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

დემონსტრანტები მსვლელობით „ახალი თეატრისკენ“ აპირებენ გადაადგილებას. მათ ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები.

„პუბლიკას“ ხელმძღვანელის, ზურაბ ვარდიაშვილის განცხადებით, „როდესაც ჟურნალისტი ციხეში ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ ციხეში ზის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე ჟურნალისტები აგროვებენ ხელმოწერებს, რომ მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს.

„მზია ამაღლობელის მხარდამჭერ ყველა აქციაზე მისი კოლეგები ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს საქმე არ არის მხოლოდ მზიას შესახებ, ეს არის მთლიანად საქართველოს შესახებ, რადგან არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტები იმისთვის, რომ ისინი არიან შემქმნელები კვალიფიციური და ეთიკური მედია საშუალებისა, არ სხედან ციხეში. მზია, სწორედ ამიტომ ზის ციხეში.

ახლა იმართება სინდის პატიმრების მხარდასაჭერი აქცია, მათ შორის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია. აქვე ჟურნალისტები აგროვებენ ხელმოწერებს, რომლებიც გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადაც დაფიქსირებულია ჟურნალისტების მოთხოვნა, რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი საპყრობილიდან“,- განაცხადა ზურაბ ვარდიაშვილმა.
ჟურნალისტთან საუბარში გამოცემა “ნეტგაზეთის” რედაქტორმა, ნესტან ცეცხლაძემ აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელი დღეა არის “სინდისის პატიმარი”, და, რომ იგი ციხეშია მისი საქმიანობის გამო.

“მზია ამაღლობელმა 2001 წელს დაიწყო ამ გამოცემების დაარსება. მე ცოტა მოგვიანებით შევუერთდი. ის, რომ ეს გამოცემები მნიშვნელოვანია და ის, რასაც მზია აკეთებდა ამ გამოცემებით და სხვადასხვა აქტივობებით, სწორედ ამის დასტურია, რომ ახლა ის არის პატიმარი და ის არის სინდისის პატიმარი. ის პატიმარია სწორედ მისი საქმიანობის გამო. ძალიან რთულია ჩვენთვის დღეს მუშაობა. ესაა მზიას გზავნილიც, რომ ყველამ ვიბრძოლოთ, ვიდრე დროა, ვიდრე ყველას გაგვაჩერებენ და ვიდრე ყველა, მეც, თქვენც, სხვა ჩვენი კოლეგებიც, სხვა თავისუფალი ადამიანებიც ამ ქვეყნის, აღმოჩნდებიან იქ, სადაც მზია არის”, – თქვა მან.

დღესვე, ჟურნალისტებმა, რედაქტორებისა და მედიამენეჯერებმა საერთო განცხადება, პეტიცია გაავრცელეს:

“[…] ის ფაქტი, რომ მზია ამაღლებელი სისხლის სამართლის “ბრალდებით” დააპატიმრეს, აჩვენებს, რომ ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც შეთითხნილი ბრალდებებით ჟურნალისტების ციხეში დატყვევებას გულისხმობს, როგორც ეს უკვე მოხდა ბოლო წლებში რუსეთში, ბელარუსსა და მეზობელ აზერბაიჯანში.

მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! მოვუწოდებთ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოში ჟურნალისტების მასობრივად დევნის ფაქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში!” – წერია საერთო განცხადებაში.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩანიშვნა და მზია ამაღლობელისა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებაა.
შეგახსენებთ ბათუმში, გამოცემა ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და პოლიტიკოსები იმყოფებიან.

შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა, მზია ამაღლობელისა და აქციების დროს დაკავებულთა დროული გათავისუფლება მოხდეს. ამასთან, შეკრებილები აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსს, ირაკლი დგებუაძეს უფლებამოსილება შეჩერებასაც ითხოვენ.

“ირაკლი დგებუაძე უფლებამოსილება შეუჩერდეს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყოს, არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტზე. ახლა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზეა დაწყებული გამოძიება, ეგ არის მსუბუქი დანაშაული, ძალიან მსუბუქი… სინამდვილეში ირაკლი დგებუაძის ქცევა, არის არაადამიანური მოპყრობა. ვითხოვთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაიწყოს. მანამდე, მას აუცილებლად უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება.

ამის გარდა, ასევე მნიშვნელოვანი თემაა ოპერატორ გურამ მურვანიძის საკითხი, მისი დაკავება ნებისმიერი ჟურნალისტისთვის საფრთხეა, რადგან თქვენ, მე ან ნებისმიერი ოპერატორი, შეიძლება ირაკლი დგებუაძეს არ მოეწონოს, თვალში არ მოუვიდეს, ან, რომლის განეიტრალება მოუდნება, დააკავოს ჯერ 48 საათით გამოკეტოს იზოლატორში, მერე ივანიშვილის სასამართლოს დახმარებით 8-10 დღე მიუსაჯოს, რაც გურამ მურვანიძის შემთხვევაში მოხდა, ირაკლი დგებუაძის არასწორი და არაკანონიერი მითითებით.

გურამ მურვანიძემ დაკავებისას განუცხადა, რომ გამოცემა “ბათუმელების” თანამშრომელია, მაგრამ დააკავა იმიტომ, რომ “ბათუმელების” თანამშრომელია.

ამაზე ცალკე საჩივარი არის შესული, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გენერალურ პროკურატურაში, ასევე შინაგან საქმეთა გენინსპექციას მივმართეთ. ამაზე ცალკე ვითხოვთ, ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, არ შეიძლება ქალაქს ასეთი პოლიციის უფროსი ჰყავდეს”, – აცხადებს გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი.

პარალელურად, თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში იმართება პროევროპული აქციების დროს დაკავებული პირების სოლიდარობის აქციები.

ცნობისთვის მზია ამაღლობელს, რომელიც ჯერ 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – კვლავ დააკავეს, ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს, „პოლიციელზე თავდასხმას”. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

23 იანვარს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“, – 12 ორგანიზაციასთან და ერთ ინდივიდუალურ პირთან ერთად, – საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.

ამავე მოწოდებით გამოვიდა ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“, რომელმაც განგაში ატეხა ამაღლობელის დაპატიმრების გამო.

ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შიმშილობს.

„აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად, არის მხნედ. როგორც გადმომცა, არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს, შიმშილობს პროტესტისთვის უსამართლობის გამო“, – განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ მისი მონახულების შემდეგ 23 იანვარს.

„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“.

მსგავსი პოსტები

Back to top button