თბილისში 2 ახალი სიხშირის მოპოვებას ფორტუნა ჰოლდინგი ცდილობს

დედაქალაქში 2 ახალი რადიოსადგური დაიწყებს მაუწყებლობას. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ორი თავისუფალი რესურსი კონკურსზე გამოიტანა:FM 90.2 და FM90.8.
ორივე რადიოსიხშირის მოპოვებას “რადიო ჰოლდინგი ფორტუნა” ცდილობს.
შპს “სუპერ-ტვ” (ყოფილი აიეტი ტვ) და შპს ” რადიო ჰოდდინგი ფორტუნა” და-ძმა ზურა და თამარ ჩიგოგიძეების საკუთრებაშია.
“ფორტუნა ჰოლდინგი” 4 რადიოსადგურსა (მათ შორის ერთ საერთო მაუწყებლობის რადიოს) და 1 სატელევიზიო არხს ფლობს.
საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად კი “სუპერ ტვ” ცდილობს კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებას FM90.2, ხოლო შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ განაცხადი სპეციალიზირებულ მაუწყებლობის მოპოვებაზე აქვს წარდგენილი FM90.8 – ზე.
საქართველოს კანონი “მაუწყებლის შესახებ” კრძალავს ერთ სამაუწყებლო არეალში,ერთ ჰოლდინგზე, ერთზე მეტ კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის ქონას.
“კომისიის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი შპს „სუპერ ტვ“-ს, შპს „ტელე რადიო კომპანია TV-7“-ს, შპს „არტ რადიოს“ და შპს „ახალი რადიოს“ განცხადებების საფუძველზე გამოცხადდა. ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა (90.2FM) დიაპაზონში რადიომაუწყებლობისთვის განკუთვნილი ლიცენზიის ღირებულება 10 692 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
კომისიამ დედაქალაქში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ და შპს „საერთაშორისო საინფორმაციო საგენტო ევრაზიის“ მიმართვის საფუძველზე გამოაცხადა. ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა (90.8FM) დიაპაზონში რადიომაუწყებლობისთვის განკუთვნილი ლიცენზიის ღირებულება 10 692 ლარის ოდენობით განისაზღვრა.” – ნათქვამია კომისიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში
კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე წლის 27 თებერვლის 17:00 საათამდე იწარმოებს. კონკურსის მოსამზადებელი სხდომა 2017 წლის 2 მარტს 13:00 საათზე გაიმართება, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება და აიტვირთება კომისიის ვებგვერდზე (www.gncc.ge). კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებათა რეგულირების დეპარტამენტის დასკვნები გამოქვეყნდება კონკურსანტთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების თაობაზე ამავე წლის 4 აპრილს 13:00 საათზე ჩატარდება, საკონკურსო სხდომა კი, სადაც კონკურსში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება 2017 წლის 6 აპრილს გაიმარეთება.
ახალი სიხშირებიის საკონკურსოდ გამოტანა ტელევიზიის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც FM რესურსი გათავისუფლდა.ამჟამად დედაქალაქში 33 რადიო მაუწყებლობს.