მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

56 სამოქალაქო პირი დაიღუპა სუდანში არეულობის შედეგად

16 აპრილის ღამეს, სუდანში, გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებსა“ და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის დაპირისპირების შედეგად სულ ცოტა 56 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა – 600.

Reuters-ი სუდანის ექიმთა კავშირის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 56 დაღუპულიდან ყველა სამოქალაქო პირია. მედიაში „ათობით“ დაღუპულზე ვრცელდება ინფორმაცია. დაღუპულები არიან მებრძოლებსა და სამხედროებს შორისაც, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია.

სუდანის არმიამ დედაქალაქის მიმდებარედ, ომდურმანში, საჰაერო დარტყმები განახორციელა „სწრაფი რეაგირების ძალების“ ბაზებზე. მოქალაქეების ცნობით, სუდანის დედაქალაქსა და მის გარშემო ისმის მძიმე არტილერიის მუშაობის ხმები.

სუდანის არმიის მთავარსარდალი, გენერალი აბდელ ფატახ ალ-ბურხანი ალ-ჯაზირასთან კომენტარში აცხადებს, რომ მზადაა აწარმოოს მოლაპარაკებები „სწრაფი რეაგირების ძალებთან“. მისი თქმით, თუკი ისინი უარს იტყვიან მოლაპარაკებებზე და არ დაყრიან იარაღს, სუდანის დედაქალაქში, ხართუმსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში შეიყვანენ სამხედრო ძალებს.

„სწრაფი რეაგირების ძალების“ ხელმძღვანელი, გენერალი მოჰამედ ხადმან დაგალო, ალ-ბურხანს „მატყუარასა და დამნაშავეს უწოდებს“. ის იძლევა დაპირებას, რომ ალ-ბურხანი ან მართლმსაჯულებას გადაეცემა ან „მოკვდება, როგორც ძაღლი“. მოჰამედ ხადმან დაგალო აცხადებს, რომ მისი ძალები მზად არიან იომონ იმ დრომდე, სანამ არ აიღებენ რეგულარული არმიის ყველა ბაზას.
„სწრაფი რეაგირების ძალების“ მებრძოლებმა განაცხადეს, რომ დაიკავეს პრეზიდენტის სასახლე, არმიის მეთაურის რეზიდენცია, სახელმწიფო ტელევიზია, ხართუმის საერთაშორისო აეროპორტი, ასევე ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი მეროვე, თუმცა არმია აღნიშნულ ინფორმაცია უარყოფს.

სუდანის საჰაერო ძალები მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს, ვინაიდან სამხედროები „სწრაფი რეაგირების“ ძალების ქმედებების აღსაკვეთად ოპერაციას ატარებენ. სუდანის არმია უარს აცხადებს „სწრაფი რეაგირების ძალებთან“ მოლაპარაკებებზე გასამხედროებული დაჯგუფების დაშლამდე.

2021 წელს გენერალ ალ ბურჰანის ხელმძღვანელობით განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სუდანს, სუვერენული საბჭოს მეშვეობით, სამხედრო მაღალჩინოსნები მართავენ. როგორც „ბიბისი“ წერს, „სწრაფი რეაგირების ძალებს“ სუვერენული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, გენერალი მუჰამედ ჰამდან დაგალო ხელმძღვანელობს, არმიის სათავეში კი გენერალი აბდელ ფათაჰ ალ ბურჰანი დგას, რომელიც სუვერენული საბჭოს თავმჯდომარეა.

გასული წლის ბოლოს სამხედრო მეთაურებმა ხელისუფლების სამოქალაქო ჯგუფებისთვის გადაბარების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის გეგმა ორწლიან გარდამავალ პერიოდს მოიცავდა. სამოქალაქო მმართველობის ჩამოყალიბება „სწრაფი რეაგირების ძალების“ არმიაში ინტეგრაციას ითვალისწინებდა. გასამხედროებული დაჯგუფება ამის ათი წლით გადავადებას ითხოვდა, თუმცა არმიის მეთაურობამ განაცხადა, რომ ეს ორი წლის ვადაში უნდა მოხდეს.

„სწრაფი რეაგირების ძალები“ ეს არის გასამხედროებული ფორმირება, რომელიც არ შედის სუდანის რეგულარულ არმიაში და არ ექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს. 2019 წელს, მათ მიერ ორგანიზებული სამხედრო გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებას ჩამოსცილდა სუდანის ავტორიტეტული პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი. 2021 წელს, ორგანიზაციამ, რომელიც 100 ათასი ადამიანისგან შედგება, კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება მოახდინა.

არმია და სამოქალაქო ჩინოვნიკები მოითხოვენ, რომ „სწრაფი რეაგირების ძალები“ შევიდეს შეიარაღებული ძალების რიგებში. მოლაპარაკებები ამ საკითხზე პირველ აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ხელშეკრულების დაგეგმილი ხელმოწერა გაურკვეველი ვადით გადაიწია.

მედიის ინფორმაციით, „სწრაფი რეაგირების ძალებმა“ პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციასა და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე კონტროლი დაამყარეს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სუდანის ეროვნულ არმიასა და გასამხედროებულ ჯგუფ „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

სუდანში სამოქალაქო მმართველობის ჩამოყალიბება „სწრაფი მხარდამჭერი ძალების“ არმიაში ინტეგრაციას ითვალისწინებს. გასამხედროებული დაჯგუფება პროცესის 10 წლით გადავადებას ითხოვდა, თუმცა არმიის მეთაურობამ განაცხადა, რომ ეს ორი წლის ვადაში უნდა მოხდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button