თბილისში ბერლინიდან სპეცრეისით საქართველოს 120 მოქალაქე ჩამოვიდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინიდან სპეცრეისი დაეშვა, რომლის ბორტზეც საქართველოს 120 მოქალაქე იმყოფება.
მგზავრებს ჯერჯერობით თვითმფრინავი არ დაუტოვებიათ. ყველა მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.