მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თბილისში CO-ს დაგროვების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

წინასწარი ინფორმაციით, თბილისში CO-ს დაგროვების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, – ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისი“ ავრცელებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, გვიან ღამით „ყაზტრანსგაზ – თბილისში“ შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი იყო გარდაცვლილი.

„კომპანიის სპეციალისტების მიერ საცხოვრებელი სახლი შემოწმდა. ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით ღია წვის კამერიანი(„ნიკალას“ ტიპის) გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ეზოში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამონტაჟებულია ასევე სამი ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. საცხოვრებელ სახლს გაზმომარაგება შეუწყდა.

ამასთან, საცხოვრებელი სახლის მთავარ მრიცხველზე თვითნებურად მიერთებულია რამდენიმე ქვე-მრიცხველი. სახლი სავარაუდოდ, გაქირავებულია.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, რომ გაითვალისწინონ სპეციალისტების რჩევები, უარი თქვან ღია წვის კამერიან გამაცხელებლებსა და გამათბობელებზე, დაიცვან უსაფრთხოების წესები, დარეკონ ცხელ ხაზზე და მოითხოვონ საცხოვრებელი სახლების შემოწმება.

განსაკუთრებულად ყურადღებით ყოფნისკენ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომლებიც ნაქირავებ, ან ნაგირავებ ბინაში ცხოვრობენ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button