თბილისში დღეს მარში “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” გაიმართება

“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – ამ სახელწოდებით საყოველთაო მარში დღეს, 20 ოქტომბერს გაიმართება. დედაქალაქში, თბილისში მასშტაბური მსვლელობა 17:00 საათზე 5 ლოკაციიდან დაიწყება და თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრება.
თავისუფლების მოედანზე დილიდან მიმდინარეობს სამზადისი. ამ დროისთვის ადგილზე მონტაჟდება და ეწყობა კონსტრუქციები. მოქალაქეების თქმით, არჩევნებამდე 6 დღით ადრე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება თავის ისტორიულ არჩევანს არ ღალატობს.
“კიდევ ერთხელ უნდა დავინახოთ ერთმანეთი, თუ რამდენი ვართ და ძალიან ბევრი ვართ. ამასთან ჩვენ უნდა დავანახოთ ჩვენ ევროპელ პარტნიორებს, დასავლელ პარტნიორებს, მეგობრებს, მოკავშირეებს რომ ქართველი ხალხი თავის ისტორიულ არჩევანს არ ღალატობს. ასევე, ძალიან ტრაგიკულია, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლისთვის ევროპა არის უბრალოდ საშოპინგო სივრცე და ევროპა ქართველი ხალხისთვის, ჩვენთვის არის ეგზისტენციალური გამოსავალი და ამ იდეის უბრძოლველად დათმობას ნამდვილად არ ვაპირებთ,” – განაცხადა ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ.
17:00 საათიდან მარშის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედნიდან, გმირთა მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან, 300 არაგველის ობელისკიდან [ორთაჭალა] , ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთიდან [მთაწმინდა], მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრებიან და იქ 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ – ჯგუფი “ყველა”, “ლაუდსფიქერსი”, ნიაზ დიასამიძე, “გამოუვალი მდგომარეობა”, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი “ინსაითი” და ნიკოლოზ რაჭველი.
თბილისის პროევროპული მარშის პარალელურად აქციები რეგიონებშიც არის დაგეგმილი. აქციების მონაწილეები ახლოს მდებარე ქალაქებიდან თბილისში ჩამოვლენ.
ბათუმში ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული მარში 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, რის შემდეგაც ისინი ევროპის მოედანზე გადაინაცვლებენ.
შიდა ქართლიდან ავტოკოლონები დედაქალაქისკენ 15:00 საათიდან გამოვლენ. მოქალაქეები ქვეყნის ევროპული კურსის მხარდასაჭერად ძირითადად თვითორგანიზებულად მოდიან.
გორში მცხოვრები აქციის მონაწილეები ამბობს, რომ დღევანდელ მარშს დიდი მნიშვნელობა აქვს.
დღევანდელ მარშს რეგიონებიდან უერთდებიან ოპოზიციური პარტიებიც.
სეგახსენებთ “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – დღეს თბილისში, 19:00 საათზე 4 ლოკაციიდან თავისუფლების მოედნამდე მარში გაიმართება. პროევროპულ მარშს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება.