მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისში „ერთობის მარში“ მიმდინარეობს

თბილისში მოქალაქეები, ისნის მეტროდან კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმართულებით, “ერთობის მარშს” მართავენ. “გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა” – ამ ლოზუნგით პოლიტპატიმრების ოჯახები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შსს-ს შენობასთან მივლენ.

ისინი აპროტესტებენ რეჟიმის პოლიციის ძალადობრივ ქმედებებს, დაკავებებს, დაშინებას, პოლიციელების ცრუ მოწმეობასა და ტერორს.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებს თან აქვთ ბანერები და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. ამასთან, ადგილზე მყოფებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები მათ მსვლელობას აკონტროლებენ საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნები.

“ერთობის მარშზე” იმყოფებიან პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებიც, რომლებსაც თან აქვთ ბანერები აქციებზე უკანონოდ დაკავებულთა გამოსახულებით.
საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, მათი ძირითადი მოთხოვნაა – აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება და “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლებიდან გადადგომა.

“დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ეს მარში დაორგანიზებულია “ერთობის” მიერ – სამოქალაქო აქტივისტების, მოძრაობების, ორგანიზაციების. ჩვენ პირველი ღონისძიება პროკურატურასთან წარმატებით ჩავატარეთ. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რომ პოლიციის ორგანოებთან მივიდეთ და ჩვენი სათქმელი, მიზნები ვუთხრათ. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, მათ შევახსენოთ, რომ ქვეყანას 50-მდე პოლიტპატიმარი ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქციელზე უნდა დაფიქრდეს და მათ [პოლიციელებმა] დანაშაულებრივი ბრძანებები არ უნდა შეასრულონ. მათი კანონით დადგენილი ფუნქციები აბსოლუტურად სხვაა და ის კრიმინოლოგიური სიტუაციის მოგვარებას, მართლწესრიგის უზრუნველყოფას უნდა ემსახურებოდეს და არა აქტივისტების, პროტესტის მონაწილეების დევნას…

ჩვენ, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს შვილებს დანაშაული არ მიუძღვით და ეს საქმეები ჯიბის პოლიციამ, პროკურატურამ შეკერა და ახალგაზრდა, წარმატებულ ქართველებს ხანგრძლივი ციხისათვის იმეტებენ, რაც ჩვენთვის მიუღებელია”, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button