თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია იმყოფება

საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი დაიწყო. თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, ქვეყანაში ფაქტების დასადგენი მისიით ჩამოვიდნენ და პირველ შეხვედრას არასამთავრობო სექტორთან მართავენ. შეხვედრაში მონაწილეობს საპროტესტო აქციების დროს დაშავებული ჟურნალისტი გურამ როგავა.
pace-ს წარმომადგენლებს დღეს “ფორმულას” ჟურნალისტი გურამ როგავა შეხვდება და დეტალურად ისაუბრებს რეჟიმის სპეცრაზმელების მიერ როგორც მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე, ისე სხვა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე:
“პირდაპირ და ძალიან მკაფიოდ, შეიძლება უხეშადაც კი ვეტყვი, რომ არავის სჭირდება მათი ბრტყელი განცხადებები, დღეს თუ ჩვენ უბრალოდ დაგვასახიჩრეს, ხვალ მოგვკლავენ და მათი სოლიდარობის განცხადებები არაფერს გვიშველის. პირდაპირ ვაპირებ ჩემს შემთხვევაზე, ჩემი კოლეგების შემთხვევაზე კონკრეტული მაგალითებით, ვიდეოებით, კონკრეტული მასალებით ვაჩვენო, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს გამოძიების უფლება, არ გვიმჩნევს ხელისუფლება და ეს ხდება მიზანმიმართულად იმიტომ, რომ ამ ფორმით ცდილობენ ჩვენს დაშინებას და გაჩუმებას. ” განაცხადა შეხვედრაზე შესვლამდე გურამ როგავამ.
აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიამ წინსწრებით გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარება. საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების შესახებ მისია ანგარიშს ამზადებს, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას იანვრის ბოლოს დაგეგმილ სესიაზე წარუდგენს.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში თანამომხსენებლები ასევე შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, შესაბამის სამთავრობო ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს.
„ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. ერთი საკითხი უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის არჩევნებს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, არსებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ კრიზისს და მისი მოგვარების გზებს; მეორე ეხება კანონმდებლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელებულ ცვლილებებს, იქნება ეს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული თუ სხვა ცვლილებები, რომლებიც, მათ შორის, მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ჩატარებულ არჩევნებზე, რომ არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ გამოხატა ქართველი ხალხის ნება. თუმცა ჩვენს პარტნიორებს, ფაქტობრივად, აღარ აქვთ კითხვები არჩევნების ნაწილში, განსაკუთრებით, რაც ვიხილეთ ეუთო/ოდირის დასკვნა, თუმცა თუ იქნება კითხვები ამ საკითხზე, ვუპასუხებთ“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.
ევროსაბჭოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ ვიზიტის მიზანია შეფასდეს, როგორ ასრულებს ვალდებულებებს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი.
ამავე ინფორმაციით, ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და ის არ უნდა განიხილებოდეს როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობის ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებების მიმართ, რომლებსაც თანამომხსენებლები შეხვდებიან.