თბილისში ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავენ

თბილისში, 3 აქცია გაიმართა ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, რომლის ორგანიზატორები სხვადასხვა ლოკაციის ადგილზე სხვადასხვა ორგანიზაციები იყვნენ. დღეს დილიდან პირველი აქცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა მრგვალი ბაღიდან დაიწყეს.
მოგვიანებით, ლგბტ საქართველოს ინიციატივით აქცია გაიმართა იუსტიციის სამინისტროსთან, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა კი 17 მაისი, ვაჩნაძის ქუჩაზე აღნიშნა.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერებით – “ყველა თანასწორია”, “სიძულვილი არჩევადია, ორიენტაცია არა”, “გამოხატვის თავისუფლება ჩემი უფლებაა”, “ შევიცვალე სქესი, შემიცვალე საბუთი”.
17 მაისის მოვლენებს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აკვირდება სახალხო დამცველის აპარატი. როგორც განცხადებაში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს:
„2012 და 2013 წლების 17 მაისს კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის სურვილით შეკრებილი ადამიანების მიმართ განხორციელდა სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი ქმედებები, პოლიციამ კი ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა“.
ამასთან, სახალხო დამცველისთვის უკიდურესად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ „არც ერთ ძალადობის ფაქტზე არ დამდგარა სამართლებრივი შედეგი“.
ამ ფონზე სახალხო დამცველი დიდ გამარჯვებად მიიჩნევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებას საქმეზე “იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”. სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 17 მაისს სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლები მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) მიმართებით. გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო უნდა იყოს მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტი და ასევე სახელმწიფოს ეკისრება სიცოცხლესა და ჯანმრთელობის დაცვის პასუხისმგებლობა ამა თუ იმ პირის მხრიდან ამ უფლებათა რეალიზების პროცესში.
სახალხო დამცველთან პარალელურად, საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წელს არ ჩატარდება „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები. წელს საზეიმო ღონისძიებათა გადადების მიზეზად დასახელდა საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რომ 16–17 მაისს „ლოცვითი მსვლელობებით და მსახურებით“ აღნიშნოს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის „დედაქალაქში შემობრძანება“.
17 მაისს ეხმაურება საქართველოს მთავრობა და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი:
“დღეს რამდენიმე აქცია იყო თბილისში და მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ყველაფერი მშვიდად, ცივილიზებულად და დემოკრატიულად ჩატარდა. მინდა, კიდევ რთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ღირსეული და გამორჩეული ერი და ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესები. დავამტკიცეთ, რომ ვართ ცივილიზებული სახელმწიფო და ნამდვილად გვსურს ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება. მინდა, ორგანიზებაში ჩართულ სამსახურებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას ასევე მიულოცა პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე. “მინდა მოგილოცოთ, ყველას ვუსურვო, გაძლიერდეს ქართული ოჯახი, რადგან ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი და ამაზე დგას ჩვენი ქართული სახელმწიფო”, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.
17 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავენ. 1990 წლის ამ დღეს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.
საქართველოში ამ დღის აღნიშვნას 2012 წლიდან ცდილობდნენ, თუმცა მშვიდობიანად შეკრების შესაძლებლობა არ ჰქონდათ მართლმადიდებელი ეკლესიის პროტესტის გამო.
2013 წელს, მშვიდობიანი დემონსტრანტების აქცია მრევლმა, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ დაარბია და ფიზიკურად გაუსწორდა ლგტბ ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ფოტო: გიორგი გოგუა.