თბილისში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას 17 ქვეყნის 23 დელეგატი ეცნობა

ასრულებს თუ არა ლუგარის ლაბორატორია გაეროს კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს – ლაბორატორიის საქმიანობას დღეს 17 ქვეყნის 23 დელეგატი ეცნობა. გაეროსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ლაბორატორიის ხელმძღვანელებმა სწორედ იმიტომ მოიწვიეს, რომ თავად ნახონ და დარწმუნდნენ, რომ ლაბორატორიაში არანაირი არალეგალური საქმიანობა არ მიმდინარეობს, როგორც ამას მოსკოვი ამტკიცებდა.
მოწვევის მიუხედავად საქართველოში არ ჩამოსულა რუსული დელეგაცია. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა კარგად იცის რა საქმიანობაც მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში. გამყრელიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ბევრი რუსი სპეციალისტია ნამყოფი.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია BBC-მ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ფილმი მოამზადა. ფილმში ერთ-ერთი რესპონდენტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში კლინიკური ცდები არ ტარდება.
BBC-ის ფილმში რესპონდენტებს შორის იყო ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბეთ რუდი. მისი თქმით, „რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებები სრული ნონსენსია“.
„ეს დეზინფორმაციის ნაწილია. რუსეთი ამ დეზინფორმაციას იმიტომ ავრცელებს, რომ ყურადღება გადაიტანოს თავისი ცუდი საქციელისგან“, – განაცხადა მან. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აღნიშნავს, რომ იმის გასაგებად თუ რეალურად რა ხდება ლაბორატორიაში, საჭიროა მისი არა მონახულება, არამედ ინსპექტირება.
შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წერილით მიმართა, რათა გამოიძიოს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობა, რომელშიც, მისი თქმით, ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ. თუმცა, BBC-სთან ინტერვიუში გიორგაძე აღიარებს, რომ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ აქვს.