თბილისში რადიოლიცენზიის 2 კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა

რადიო “თბილისის” ინფორმაციით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დედაქალაქში კერძო საერთო რადიომაუწყებლობისა და სპეციალიზირებული რადიომაუწყებლობის კონკურსები 2 მარტს ჩაშლილად გამოაცხადა, რადგან აღნიშნულ კონკურსებზე არცერთ კომპანიას განაცხადი არ წარუდგენია.

27 იანვარს,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ორი თავისუფალი რესურსი კონკურსზე გამოიტანა:FM 90.2 და FM90.8.

ორივე რადიოსიხშირის მოპოვებას “რადიო ჰოლდინგი ფორტუნა” ცდილობდა, რადგან წარდგენილი წერილების თანახმად, სწორედ ამ ჰოლდინგს სურდა რადიოს ახალი სიხშირეები დედაქალაქში.

შპს “სუპერ-ტვ” (ყოფილი აიეტი ტვ) და შპს ” რადიო ჰოდდინგი ფორტუნა” და-ძმა ზურა და თამარ ჩიგოგიძეების საკუთრებაშია.

“ფორტუნა ჰოლდინგი” 4 რადიოსადგურსა (მათ შორის ერთ საერთო მაუწყებლობის რადიოს) და 1 სატელევიზიო არხს ფლობს.

27 იანვარს, საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად  “სუპერ ტვ”-ს კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებას FM90.2, ხოლო შპს ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ განაცხადი სპეციალიზირებულ მაუწყებლობის მოპოვებაზე FM90.8 – ზე ჰქონდა წარდგენილი.

გარდა ამ ჰოლდინგისა, მოთხოვნა ახალ ლიცენზიაზე წარდგენილი ჰქონდა  შპს „ტელე რადიო კომპანია TV-7“-ს, შპს „არტ რადიოს“ და შპს „ახალი რადიოს“  – ნათქვამია კომისიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში

ახალი ინფორმაციის თანახმად, რომელიც კომისიის გვერდზე 2 მარტსვე გამოჩნდა სუპერ TV-სთან ერთად,რადიო ბიზნესში შემოსვლას გეგმავს ტელეკომპანია “იბერიაც”, განაცხადის მიხედვით იბერიას მთელ საქართველოზე მაუწყებლობა სურს.  

ახალი სიხშირებიის საკონკურსოდ გამოტანა ტელევიზიის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც FM რესურსი გათავისუფლდა.ამჟამად დედაქალაქში 33 რადიო მაუწყებლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button