თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმართულებით, 3 მარში იმართება
სტუდენტები ლოზუნგით - “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”, “ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს” მარშს მართავენ

თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმართულებით, 3 მარში იმართება.
პარლამენტისკენ მიემართება სტუდენტების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მედიის სოლიდარობის მარშები.
ჟურნალისტები და მედიასაშუალებების მხარდამჭერები ცოტა ხნის წინ ფილარმონიასთან შეიკრიბნენ. აქციის მიზანი მათი განცხადებით, ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიაა.
ისინი სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს და გმობენ ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც მათი თქმით, მედიის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს.
პროტესტის მონაწილეები სოლიდარობის მარშსაც გეგმავენ, რომელიც მელიქიშვილიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.
აქციის მონაწილეები თსუ-ის პირველ კორპუსთან, ტელევიზიასთან და ფილარმონიასთან შეიკრიბნენ. მარშები კოსტავას გამზირზე შეერთდა.
“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”; “ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს” – ამ შინაარსის ბანერებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან.
ახალგაზრდები, 9 აპრილთან დაკავშირებით, ტიტებით ხელში მოაწყობენ მარშს და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მივლენ, სადაც აქციების პერიოდში დაკავებული პირების მშობლები, ოჯახის წევრები და თანამოაზრეები საპროტესტო აქციას გამართავენ.
პარალელურად, ფილარმონიის ტერიტორიიდან მედიის წარმომადგენლების მარში დაიწყება, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით ასევე პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
დღეს, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მთელი ღამით აპირებენ დარჩენას. როგორც ისინი აცხადებენ, არ მისცემენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს იმის საშუალებას, რომ ხვალ პარლამენტის წინ მივიდნენ და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკონ.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები, რეჟიმის ტყვეების მშობლების ორგანიზებით, დღეს ღამეს გაათევენ.