თბილისში შენობის ნგრევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას 4 ერთმანეთის ნათესავი ემსხვერპლა.  სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი – საავადმყოფოში.

მათ შორისაა 17 წლის მოზარდი, რომელიც ბიძის სანახავად იყო მისული.კიდევ სამი დაღუპული მამაკაცის ასაკი საშუალოდ 35-40 წელია.

ამ წუთებში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ცხედრების ინენტიფიცირება მიმდინარეობს, სადაც გარდაცვილების ნათესავებიც იმყოფებიან.

აფაქიძის N 13-ში მდებარე “გამოთვლითი მათემატიკის” ყოფილი ცენტრის შენობა კომპანია “ტიფლის ბიზნეს ცენტრს” ეკუთვნის.

ტრაგედიასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა:

“აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია “კონსტრაქშენ გრუპი” შენობის დემონტაჟის სამუშაოებს აწარმოებდა. ბიძინა კვერნაძის ქ. N10-ში შპს “ტიფლის ბიზნეს ცენტრის” კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ნებართვა თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2014 წლის 29 აგვისტოს გასცა. იმის გამო, რომ ჩასატარებელი სამუშაოები მიეკუთვნებოდა IVკლასს, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა სამუშაოების დაწყებამდე კომპანიას დაავალა, წარმოედგინა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან (მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან), “მშენებლობის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის კვლევა, აგრეთვე, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი და სავალდებულო საექსპერტო შეფასება, რომელსაც, ასევე, საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილება ითვალისწინებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მან შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო.
“ამასთან, კომპანია ვალდებული იყო, რეკონსტრუქციის სამუშაოები სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეთანხმებული დოკუმენტის დარღვევის გარეშე ეწარმოებინა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. თბილისის მერია იმედოვნებს, რომ გამოძიება უახლოეს პერიოდში დაადგენს შენობის ჩამონგრევის მიზეზს და დამნაშავე პირები კანონის შესაბამისად დაისჯებიან.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button