მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისში, უკვე რამდენიმე საათია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობებს მართავენ

თბილისში, უკვე რამდენიმე საათია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობებს მართავენ. ამ წუთებში, აქციის მონაწილეები ყაზბეგის გამზირზე იმყოფებიან და რუსთაველის მიმართულებით გადაადგილდებიან. მანამდე, იყვნენ თბილისის მერიასთან.
ბოლო წერტილი პარლამენტია, სადაც ისინი საღამოს დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. პიარ და IT ტექნოლოგიების სპეციალისტები, მწვრთნელები, შემოქმედებითი ინდუსტრიების, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სფეროების წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან და ვაკის პარკიდან დედაქალაქის სხვადასხვა მიმართულებით დაიძრნენ. იმყოფებოდნენ გმირთა მოედანსა და მელიქიშვილის გამზირზე, სადაც მათი მსვლელობები გაერთიანდა.

აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვენ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან მედიცინოს ფაკულტეტის სტუდენტებიც.

ამასთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აქციების მიმდინარეობისას მოქალაქეების ცემასა და დაპატიმრებას აპროტესტებენ.

„მე ვაპროტესტებ ჩემი კოლეგების ცემას, დასახიჩრებას, უცნაურ სიტუაციებში დაპატიმრებას და გატაცებას ვაპროტესტებ, არამარტო ჩემი კოლეგების, არამედ სხვა პროფესიის ადამიანებისას. ვემიჯნები ამ პროცესს, როგორც ერთი რიგითი ადამიანი და ვთვლი, რომ სისტემური ძალადობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ამის დასრულების ერთადერთი გზა კი მშვიდობიანი პროტესტია“, – განაცხადა ექიმმა, არჩილ მარშანიამ.

„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“ – ამ სლოგანით განაგრძეს მანიფესტაცია მუსიკოსებმა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებმა კონსერვატორიიდან კულტურის სამინისტროს მიმართულებით. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაემართნენ და, მსვლელობის პარალელურად, მოქალაქეებს სოლიდარობისა და სიჩუმის დარღვევისკენ მოუწოდებდნენ. კულტურის სამინისტროსთან შეკრებილი მუსიკოსების მოთხოვნა არჩევნების ხელახალი ჩატარება და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება იყო.

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციაზე თბილისში, ეროვნული არქივის შენობასთან შეიკრიბნენ. მანიფესტაციის მონაწილეებმა მსვლელობით ჩამოიარეს საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოები. გაჟღერდა მოთხოვნებიც.

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მოითხოვენ, საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის დასანქცირდნენ მთავრობის წევრები, სამართალდამცავები და კერძო პირებიც. ასევე უცვლელი დარჩა აქამდე არსებული მოთხოვნები, ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები.

მსგავსი პოსტები

Back to top button