The New York Times ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს
“ბიძინა ივანიშვლი არსად წასულა და ქართულ პოლიტიკაში ყველაზე დიდ გავლენებს ინარჩუნებს” –ამ შინაარსის სტატიას გავლენიანი გამოცემა The New York Times აქვეყნებს.
“ხეების სიყვარული თუ ძალაუფლების დემონსტრირება? ოლიგარქის უცნაური პარკი” ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა.
სტატიაში აღწერილია ოლიგარქის უცნაური გატაცება და ხეების გემებით გადატანა და მათი გადარგვა მის დენდროლოგიურ პარკში.
პარკში მთლიანობაში 200-ზე მეტი ხეა, რომელიც კავკასიის პატარა ქვეყნის, საქართველოს გაღარიბებული სოფოლებიდან და ხშირი ტყეებიდან ამოძირკვეს. ივანიშვილმა ხეების უმეტესობა პირადად შეარჩია.
ხეების ნახევარი სატვირთო მანქანებით გადაიტანეს. მდინარის კალაპოტების გაფართოება გახდა საჭირო, გზის დასათმობად მატარებლები გაჩერდა – ქართველებმა ეს იმის საბუთად მიიღეს, რომ მას ხელისუფლების მართვა ისეთივე დაუსჯელობით შეუძლია, როგორც ხეების გადატანა.
საზოგადოებისთვის 2020 წლის ზაფხულში გახსნილი პარკი იშვიათი გამოვლენაა საქართველოში მისი მქრქალი, მაგრამ ჭარბი წარმომადგენლობის.
მთავრობაში მას ოფიციალური როლი არ აქვს, მაგრამ ივანიშვილის კრიტიკოსები ამბობენ, რომ კულისებიდან მას ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს”, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიაში მოხვდა ასევე “ოცნებიდან” წასული გიორგი გახარია, რომელსაც ჟურნალისტი ესაუბრა.
“ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული და ეს, რა თქმა უნდა, ბიძინაა”, – აღნიშნა გახარიამ გამოცემასთან.
“ფრაქცია “ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი New York Times-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას აფასებს. სამადაშვილის თქმით, სტატიაში ხაზგასმულია, რომ ოლიგარქი მთელ სახელმწიფო აპარატს თავის სასარგებლოდ იყენებს.
New York Times-ს კითხულობს მთელი მსოფლიო, ამ სტატიით ის რასაც დაინახავს მკითხველი არის ერთი, რომ ქვეყანაში რეალურად სახელმწიფო არის მიტაცებული ოლიგარქის მიერ იმიტომ, რომ სწორედ ეს არის ხაზგასმული ამ სტატიაში, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი გამოიყენა ივანიშვილმა, საკუთარი ხუშტურების ასასრულებლად.
ბიძინა ივანიშვილზე ამ სტატიის გამოქვეყნება, მე ვფიქრობ ასევე შეხსენება, რომ რეგიონში მათ შორის ჩვენს ქვეყანას არაფორმალური მმართველობა არის. ივანიშვილისთვის ეს არის შეხსენება, რომ ის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა იმაზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.