თეა წულუკიანი ოცნებას საგამოძიებო კომისიის გახანგრძლივებას სთხოვს

თეა წულუკიანი ქართული ოცნების ერთპარტიულ, არალეგიტიმურ პარლამენტს მიმართავს, რომ “წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი” ე.წ. საგამოძიებო კომისიის სამუშაო ვადა გახანგრძლივდეს – 5 მაისის ნაცვლად, 5 ივნისს ამოიწუროს.
“მივმართავ საქართველოს პარლამენტს, როგორც არის საქართველოს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ ჩვენი უფლებამოსილების ვადა არა 5 მაისს, არამედ 5 ივნისს ამოიწუროს და ერთი თვით მაინც გაუგრძელდეს ჩვენს კომისიას მუშაობის ვადა”,- თქვა მან.
“ჩვენ არა ერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი კომისია რაკი სერიოზულ თემას არის შეჭიდებული ჩვენი მიდგომაც არის სერიოზული და ის ნდობა რაც გამოგვიცხადა თითოეულ ჩვენგანს საქართველოს პარლამენტმა და ასევე, „ქართული ოცნების“ პარტიამ. ამ ტვირთვის აწევას ჭირდება არა მხოლოდ სხდომების სწორად ორგანიზებაში ჩადებული დრო და ენერგია, არამედ დასკვნაზე მუშაობის დაწყებაც,” – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა.
“იცით, რომ დასკვნაზე მუშაობა დაწყებულია. დასკვნა შედგება ხუთი კონკრეტული თავისგან. ხუთივე თავი შეესაბამება იმ ხუთ თემას, რომელიც ჩვენი უფლებამოსილებისთვის არის განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის მიერ. ეს თემებია 2008 წლის აგვისტოს ომის კვლევა, მკვლელობები, წამება და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რომლებიც სამწუხაროდ მრავლად იყო სახელმწიფოს ხელით ჩადენილი 2003-2012 წლებში. მესამე თემა არის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევის უხეში ფაქტები. ჩვენ ვიცით, რომ იმ დროს მეუღლე მეუღლეს ვერ ესაუბრებოდა თავისუფლად, ტელეფონი უნდა დაგეშალა და სხვა ოთახში გაგეტანა იმისთვის, რომ ოჯახის წევრს დალაპარაკებოდი. აღარაფერს ვამბობ მუდმივ დევნაზე და პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმური სცენების უკანონოდ გადაღებაზე და შემდეგ სხვადასხვა პირის ამ პირის ამ გზით დაშანტაჟებაზე. ეს იქნება დასკვნაში მორიგი თავი. ასევე თემად ჩვენთვის განსაზღვრული გახლავთ ბიზნესის რეკეტი და ქონებრივი საკუთრების უფლებების დარღვევის მრავლობითი ფაქტები და ჩვენ მედია თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტებზეც ვისაუბრეთ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმ მედია საშუალებებზე რომლებიც მათ მესაკუთრეებს ჩამოერთვათ უკანონოდ და რასაკვირველია, ჩვენ ამ დროს არ გამოგვრჩება ის ყველაზე თვალსაჩინო და უხეში დარღვევის ფაქტები, როგორიც იყო მაგალითად ტელევიზია “იმედში” სპეცრაზმის შევარდნა. ლაივში ვიხილეთ ჩვენ ეს ყველამ, ვინც მაშინ ტელევიზორს ვუსხედით. მაგრამ თემა გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ “იმედში” შევარდნა. ეს ხუთი თემა, შესაბამისად დასკვნაში მოცემული იქნება ხუთი მოცულობითი თავი. რა თქმა უნდა, დასკვნის სტრუქტურაში არის შესავალი ნაწილი. შესავალ ნაწილში მიმოვიხილავთ თუ როგორ მოვიდა ის ხელისუფლება ხელისუფლების სათავეში. შევეხებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც კარგად არის ახსნილი, რომ ისინი უკვე ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ მაშინ დაარღვიეს კანონი და გააყალბეს არჩევნები. შევეხებით არასამთავრობო ორგანიზაციების როლს შესავალ ნაწილში, რომ ჩვენ აღვწეროთ ვინ და როგორ მოვიდა ხელისუფლებაში. ხოლო რა გააკეთეს შემდეგ, ამის შესახებ ხუთ სხვადასხვა თავში იქნება აღწერილი. ამ დასკვნას თავის მხრივ ექნება დასკვნითი ნაწილი და იქნება რეკომენდაციებიც”, – აღნიშნა წულუკიანმა.
წულუკიანმა კომისიის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, ვინაიდან კომისიის უფლებამოსილება ქრონოლოგიურადაც გაფართოვდა, ფიქრობს აუცილებლობა მოითხოვს, რომ ვადა მინიმუმ ერთი თვით გაგრძელდეს.
“ჩვენ ვიცით, რომ დასკვნითი ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება დასკვნის კონკრეტულ მომენტში, მაგრამ თავად დასკვნა იქნება ის ისტორიული დოკუმენტი, სადაც ერთ ადგილას თავმოყრილი იქნება თითქმის ყველაფერი იმის შესახებ, თუ ვინ და როგორ მართავდა სახელმწიფოს იმ წლებში. ამ დოკუმენტის დასკვნითი ნაწილი იმდენად არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კონკრეტულ ეტაპზე, რომ ამ დოკუმენტს უნდა დაეყრდნოს მომავალში ყველა ის სამართლებრივი პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს მოცემული ძალადობების და უკანონობების ავტორთა პოლიტიკური თანამდებობის პირების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმის თუ ყოფნის აკრძალვას და ის პარტიები, სადაც ეს პირები არიან გაწევრიანებული, ან მომავალში ის პარტიები, რომებსაც ისინი ხელახლა დააფუძნებენ ვერ იქნებიან პოლიტიკურ ველზე. ეს არის ასე და ვერ იქნება სხვანაირად.
ჩვენ ვიმსჯელეთ არა ერთხელ და ვფიქრობთ, რომ კომისიამ მიმართოს საქართველოს პარლამენტს, როგორც საქართველოს რეგლამენტით არის გათვალისწინებული, შესაძლებლობა, რომ ჩვენი უფლებამოსილების ვადა არა 5 მაისს, არამედ 5 ივნისს ამოიწუროს და ერთი თვით მაინც გაუგრძელდეს ჩვენს კომისიას მუშაობის ვადა. მით უმეტეს, რომ გარდა იმისა, რომ მოცულობითია ჩვენი სამუშაო თემები, სულ ახლახან ჩვენი კომისიის უფლებამოსილება ქრონოლოგიურადაც გაფართოვდა და 2012 წელს თუ ჩერდებოდა საკითხების განხილვის უფლებამოსილება, ახლა ჩვენ დაგვემატა 2012-2024 წლებში მომხდარი სხვადასხვა ფაქტის შეფასებაც. ყოველივე ეს, მე ვფიქრობ მოითხოვს, აუცილებლობაა, რომ მინიმუმ ერთი თვით გაგვიგრძელდეს ვადა და ჩვენ შევძლოთ, რომ ამ სერიოზული დოკუმენტის ჩამოყალიბება შევძლოთ გაგრძელებულ ვადაში და სექტემბრის, ანუ, საშემოდგომო სესიის პირველ კვირებში წარვდგეთ პლენარული სესიის წინაშე, სადაც შედგება ღია განხილვა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ქართულმა ოცნებამ “2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი” დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.
კომისიის შექმნა ქართულმა ოცნებამ 2025 წლის 9 იანვარს დააანონსა. მამუკა მდინარაძის თქმით, საგამოძიებო კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც განიხილავენ და დაამტკიცებენ სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.
მოგვიანებით, 1-ელ აპრილს თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდა. დეპუტატებმა კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობა“.
ერთპარტიული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.