თეა წულუკიანი: ურთმელიძის გადაწყვეტილება კანონთან შესაბამისობაშია [Video]

ტელეკომპანია “რუსთავი2”-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ განჩინებასა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა თეა წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც შევიდა საჯარო რეესტრში, არ ყოფილა იმ მუხლზე საუბარი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა.

თეა წულუკიანი განმარტავს, რომ მოსამართლე ურთმელიძემ არგუმენტებად სულ სხვა მუხლები მოიყვანა და ამის გამო მისი გადაწყვეტილება კანონთან შესაბამისობაში მოდის.

“გადაწყვეტილების არცერთ ნაწილში არ არის მოშველიებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის მუხლი, რომელიც შეაჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს მუხლი არ არის სასამართლოს გადაწყვეტილებაში გამოყენებული. ბატონი ურთმელიძე დაეყრდნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აბსოლუტურად სხვა მუხლს, რომელიც მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს. აქედან გამომდინარე, მე, როგორც ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრ მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ვინმესთვის საკრიტიკო, ვინმესთვის არ მოსაწონი, ეს ჩემი საქმე არ არის. მაგრამ, ის არის მკაცრად შესაბამისობაში ქართულ კანონთან”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

დღესვე იუსტიციის მინისტრმა “რუსთავი 2”-ის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. მან ასევე სიტუაციის დაძაბულაობაზე განაცხადა, რომ მას ორივე მხარის გონიერების იმედი აქვს.

“მე არ შევეგუები, თუ რომელიმე დროებითი მმართველი ჟურნალისტების ან რუსთავი 2-ის, როგორც სამაუწყებლო კომპანიის საქმიანობის ან შეზღუდვას ან რაიმე სახით გადასხვაფერებას დააპირებს. რუსთავი 2 არის ჩვენი სამაუწყებლო სივრცის ნაწილი, ძალიან საყვარელი არხი საზოგადოების ბევრი წევრისთვის და ის ასეთადაც უნდა დარჩეს.

“სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად სავალდებულოა ყველასთვის, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის გონივრულობის იმედი მაქვს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

იუსტიციის მინისტრი  ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლის გუშინდელ განჩინებაზე გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. მინისტრი განმარტებებს ითხოვს.

“მინდა მეგობრულად ვთხოვო აშშ-ის საელჩოს საქართველოში, რომ განმიმარტოს რას ნიშნავს ღამით მომხდარი პროცესები და ხელი დამიდოს იმ დოკუმენტზე, იმ პროცესზე, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა ღამით. მე ველოდები პასუხს, რადგან შეშფოთებით ვნახე ის განცხადება, რომელიც აშშ-ის საელჩომ გააკეთა და რომელიც არაპირდაპირ აკნინებს იუსტიციის სამინისტრო საჯაროს რეესტრს, როგორც ინსტიტუტს,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button