მნიშვნელოვანისიახლეები

თეატრალურ უნივერსიტეტში შესული პოლიცია სტუდენტებს 5 000-ლარით აჯარიმებს

თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 80 დღეზე მეტია ღამეს უნივერსიტეტის შენობაში ათევს, პოლიციამ 5000-5000 ლარით დააჯარიმა.

სავარაუდოდ, მათ “ქართული ოცნების” ახალი რეგულაციის საფუძველზე აჯარიმებენ, რომლის მიხედვითაც, დახურულ სივრცეში მეპატრონის ნებართვის გარეშე აქციის ჩატარება აიკრძალა.

სტუდენტების თქმით, ისინი 5 000-ლარით დააჯარიმეს.

შენობაში დილიდან ხმაურია. მანამდე იქ სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყეს იმ დროს, როცა სტუდენტებს ეძინათ.

სტუდენტების დასაჯარიმებლად პოლიცია უნივერსიტეტში დღეს, 9 მარტს მეორედ მივიდა. პირველად ისინი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გამოიძახა მას შემდეგ, რაც გაფიცულმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის ტერიტორია არ დატოვეს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების დროს.

სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ არავის გაუფრთხილებია. 9 საათზე ისე ხსნარების სუნმა გააღვიძა. მიუხედავად იმისა, რომ მათ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შესთავაზეს, რომ ადგილს შეიცვლიდნენ, უნივერსიტეტი ამას არ დასთანხმდა და შესთავაზა სალაროს სივრცის დაკავება. ამ შეთავაზებაზე უკვე სტუდენტებმა თქვეს უარი, ფართის სიმცირის და იმის გამო, რომ იქიდან ფოიეში დაბრუნების უფლება აღარ მიეცემოდათ.

კომპანიასთან ერთად, რომლებმაც თავის წარადგინეს, როგორც “შპს სადეზინფექციო კომპანია“, მოუწოდეს სტუდენტებს, რომ შენობა დაეტოვებინათ. კომპანიის პირბადიან თანამშრომელში, როგორც მოგვიანებით სტუდენტებმა თქვეს, მათ უნივერსიტეტის ექიმი ამოიცნეს. სტუდენტები მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და უნივერსიტეტმა პოლიცია გამოიძახა.

პოლიცია სტუდენტებს დაემუქრა, რომ მომდევნო ჯერზე დააჯარიმებდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის დარღვევის გამო. მათ უნივერსიტეტი დატოვეს. დაახლოებით ერთ საათში დაბრუნდნენ და ყველა სტუდენტი, ვინც უნივერსიტეტში დილიდან იმყოფებოდა, დაახლოებით 15 მათგანი, 5000-5000 ლარით დააჯარიმეს.

სტუდენტების შეფასებით, დილით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაც მათი პროტესტის უფლების შეზღუდვის საბაბი იყო.

„ეს არ არის ჯარიმა, ეს არის ფსიქოლოგიური, მორალური და ფიზიკური ტერორი. ტერორისტია სახელმწიფო, რომელიც ასეთ კანონებს იღებს. ტერორისტია პოლიცია, რომელიც ამ კანონებს აღასრულებს. ტერორისტია თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი“, — ასე ეხმაურება რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე სტუდენტების დაჯარიმების ფაქტს თეატრალურ უნივერსიტეტში.

მსგავსი პოსტები

Back to top button