თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს, რომლებიც სახალხო პროტესტში არიან ჩართულები, უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს, რომლებიც სახალხო პროტესტში არიან ჩართულები, უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.
ამის შესახებ სტუდენტებს მეილით მიწერეს. ინფორმაციას უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს.
“დღეს, პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს მოგვივიდა მეილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, რომელიც იუწყება, რომ სტუდენტის სტატუსი შეგვიწყდა”, – წერია განცხადებაში.
მოძრაობამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მიღებული წერილიც გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ გადაწყვეტილება უნივერიტეტის ეთიკის კომისიამ მიიღო:
“როგორც თქვენთვის ცნობილია, გაიმართა ეთიკის კომისიის სხდომა სადაც განხილული იყო სტუდენტების მხრიდან უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი. გაცნობებთ, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, თქვენ შეგიწყდათ სტუდენტის სტატუსი. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სამ სამუშაო დღის ვადაში”- ნათქვამია ელექტრონულ ფოსტაში, რომელის სტუდენტებს მიწერეს.
9 მარტს პოლიციამ თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილს 5000-ლარიანი ჯარიმები გამოუწერა.
სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტმა შენობაში შეწამვლითი სამუშაოები ისე დაიწყო, რომ სტუდენტები არ გააფრთხილა. მათი თქმით, ადმინისტრაციამ სტუდენტებს მოუწოდა, რომ პროტესტის გასაგრძელებლად სხვა სივრცე გამოეყენებინათ, რაზეც სტუდენტებმა უარი განაცხადეს. მათი თქმით, შემოთავაზებული სივრცე პატარა იყო.
ამაზე სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც უნივერსიტეტმა პოლიცია გამოიძახა.
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანება ჯერ არ არის გამოცემული, – ამის შესახებ განცხადებას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სტუდენტებს უფლება აქვთ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.
„ეთიკის კომისიის მიერ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ: რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული.
სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში. რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობის გამო, სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს. აღნიშნულის შესახებ ერთ-ერთი სტუდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს მოგვივიდა „მეილი“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, რომელიც იუწყება, რომ სტუდენტის სტატუსი შეგვიწყდა“, – დაწერა სტუდენტმა სოციალურ ქსელში.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს, სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შესაბამისი ცნობა მეილზე მიიღეს.