თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცულმა სტუდენტებმა შენობა დატოვეს- ამბობენ, რომ პროტესტს სხვა ფორმით გააგრძელებენ

9 მარტს, პოლიციის ერთ დღეში მესამედ მისვლის შემდეგ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის შენობას ტოვებენ და ამბობენ, რომ პროტესტს სხვა ფორმით გააგრძელებენ.
დღეს თეატრალური უნივერსიტეტის შენობაში პოლიცია სამჯერ იყო გამოძახებული. მათი განმარტებით, თუ ისინი შენობას არ დატოვებდნენ, ამ შემთხვევაში მათ დაკავება ემუქრებოდათ, ამიტომაც სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
„ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობა არ გვიკვირს, მაგრამ ამ დღეს მოხდა რაღაც გარდამტეხი. ჩვენ გვაიძულეს, რომ დაგვეტოვებინა ის სივრცე, საიდანაც ვაჟღერებდით ჩვენს ხმას, მაგრამ ვთვლი, რომ აქედან გამომდინარე, არაფერი არ იცვლება. პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ყველა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი სამართალდამცველებმა დააჯარიმეს. სტუდენტების ინფორმაციით, ჯარიმა გამოუწერეს დაახლოებით, 10 სტუდენტს.
მეორე ჯერზე მათ 5000-5000 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს სტუდენტებს, რომელთა პროტესტიც უნივერსიტეტის შენობაში 80 დღეზე მეტი გრძელდებოდა.
სტუდენტების ინტერესების დამცველი ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, ჯარიმის გამოწერის შემდეგ, განმეორებითი დანაშაულისთვის, სტუდენტებს 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებოდათ. პროტესტის მონაწილე სტუდენტები “ქართული ოცნების” მიერ ახლახან მიღებული კანონით დასაჯეს, რომელიც დახურულ სივრცეში არასანქცირებული პროტესტის გამართვას კრძალავს.
სწორედ ამიტომ, როცა პოლიცია მესამედ მივიდა, მათ გადაწყვიტეს, შენობა დაეტოვებინათ.
დღეს თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს დაკავებული სივრცის გამოთავისუფლება დეზინფექციის გამო სთხოვა. სტუდენტების თანახმად, მათ ადმინისტრაციას შესთავაზეს ალტერნატიული სივრცე, სადაც პროტესტს გააგრძელებდნენ.
იმ დროისთვის შენობაში 20-ზე მეტი სტუდენტი იყო. ადვოკატის თქმით, დაჯარიმებულია 10 სტუდენტი.
საპასუხოდ, ადმინისტრაციამ მათ თავად შესთავაზა სივრცე, რომელიც, სტუდენტების თქმით, ზედმეტად მცირე იყო. სტუდენტების უარის შემდეგ მათ პოლიცია გამოიძახეს. სტუდენტების ინტერესების დამცველი ადვოკატი ამბობს, რომ ისინი დღეს გამოწერილი ყველა ჯარიმის გასაჩივრებას აპირებენ და საქმის საკონსტიტუციო სასამართლოში წაღებაც სურთ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ოლიგარქის პოლიციის მიერ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯარიმებას ეხმიანება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს მათზე ზეწოლა არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენებით.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯარიმებას და მოუწოდებს შსს-ს, შეწყვიტოს მათზე ზეწოლა არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენებით. ასევე, მოუწოდებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტუდენტებს მისცეს პროტესტის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, უზრუნველყოს მათი დაცვა უსამართლო დაჯარიმებისგან და წინასწარი წერილობითი თანხმობით დაუშვას პროტესტის გაგრძელება.
2025 წლის 9 მარტს, თეატრალურ უნივერსიტეტში, სტუდენტების წინასწარი ინფორმირების გარეშე, ფოიეს დეზინფექცია ჩატარდა, რის შემდეგაც მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მოგვიანებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახა. სტუდენტების თქმით, მათ ალტერნატივად ხუთი კვადრატული მეტრის ფართობის “სალაროში” გადანაცვლება შესთავაზეს, რაც მათთვის მიუღებელი იყო.
სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით, პოლიციამ თავდაპირველად მათ გაფრთხილება მისცა, შემდეგ კი ფოიეს დატოვება მოსთხოვა. საბოლოოდ, ადგილზე დარჩენილი სტუდენტები 5000 ლარით დააჯარიმეს. უწყვეტი პროტესტი უნივერსიტეტში უკვე 83 დღეა გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სტუდენტების დაჯარიმების სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, 2025 წლის 6 თებერვალს შესულ ცვლილებებს იყენებს, რომლის საფუძველზეც, აკრძალულია შეკრების დახურულ სივრცეში/შენობაში ჩატარება მისი მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
შეკრებისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლებებია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დაექვემდებაროს. სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია წარმოადგენდეს სტუდენტთა ინტერესების გამტარ რგოლს და მათ დამცველს, იგი ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის სტუდენტებს პროტესტის განხორციელების პროცესში,” – წერს SJC.