მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თელაველები “სოკარგაზს” არაკეთილსინდისიერ მომსახურებაში ადანაშაულებენ

თელაველები სოკარ- გაზის წინააღმდეგ გამოდიან. ადგილობრივები კომპანიას, გაზის გადასახადის ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებენ.

რადიო ჰერეთთან თელაველები ამბობენ, რომ გაზის მოხმარების იგივე რეჟიმის მიუხედავად, მათ შეტყობინება, გაზრდილი გადასახადების შესახებ მიიღეს.

“გაზის მოხმარების რეჟიმი არ შემიცვლია. როგორც გასულ წელს გააკეთეს, ზამთრის სეზონზე, გაზის მოწოდების წნევა დააგდეს და ამ გზით ცდილობენ, გადასახადი გაზარდონ. ამ თვეში 20 ლარით მეტი გადასახადი მომივიდა, ამ მანიპულაციით”- განაცხადა რადიო ჰერეთთან, თელაველმა, ნადია ფილიაროვამ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანიის მიერ, მოსახლეობისთვის მიწოდებული გაზი, გათბობის სისტემებსა და წყლის გამაცხელებლებს არ ჰყოფნის.

“წნევა იმდენად დააგდეს, წყალსაც ვერ აცხელებს. ვფიქრობ, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი თანხა გამოგვძალონ. ახლა მთავრობა იხდის და ამათთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვის გამოართმევენ”- ამბობს ელდარ მამუკელაშვილი.

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე კახეთში, ნიკა ვარდოშვილი მიიჩნევს, რომ ამ გზით, კომპანია მოსახლეობას ძარცვავს.

“უამრავი ადამიანი მიკავშირდება, ვისაც გაზის მოხმარების რეჟიმი არ შეუცვლია და გაზრდილი გადასახადი მიუვიდა. მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი თანხა გამოსძალონ მოსახლეობას. ახლა თუ პირობითად, ათასი ოჯახი სარგებლობს სახელმწიფოს სუბსიდიით, იმ თვიდან უფრო ნაკლები მოხვდება  სიაში. ყველა ზამთრის სეზონზე, ასე ექცევიან ხალხს”- აცხადებს ვარდოშვილი.

“სოკარ გაზის” წარმომადგენლებმა თელავში, რადიო ჰერეთთან ფაქტობრივად აღიარეს, რომ გაზის წნევა საშუალო ნიშნულზეა.

“მოხმარება, ბუნებრივია, გაზრდილია. წნევა ახლა საშუალო ნიშნულზეა. მომატების შემთხვევაში, ის გაყვანილობას, ან მოსახლეობის გამათბობლებს დააზიანებს.ზაფხულში სამუშაოები ჩავატარეთ, რომ მიწოდება გაუმჯობესებულიყო”- განაცხადა ერთ- ერთ უბანზე კომპანიის წარმომადგენელმა, გივი ლუარსაბიშვილმა.

2019 წლის ბოლოდან, თელავის მოსახლეობას, ბუნებრივ აირს, ვისოლის ნაცვლად, სოკარ- გაზი აწვდის.
სოკარის თელავში შესვლას, მოსახლეობის უკმაყოფილება მაშინვე მოჰყვა, როცა კომპანიამ ადგილობრივებს ერთი თვის გადასახადი, დამატებით დაარიცხა.

2020 წლის ზამთარში კი “სოკარ- გაზი”, თელავის მოსახლეობას იმდენად უხარისხო და დაბალი წნევის გაზს აწვდიდა, ადგილობრივების ნაწილი გათბობისათვის, შეშის ღუმელს იყენებდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონა ვირუსის პანდემიის გამო, ოჯახს, რომელიც თვეში 200 კუბომეტრ გაზს მოიხმარს, თანხას სახელმწიფო უფარავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button