თელაველი ახალგაზრდების ჯგუფმა შოვში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა

თელაველი ახალგაზრდების ჯგუფმა შოვში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა.
თელაველმა ახალგაზრდებმა შოვის სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად, საკუთარი ინიციატივით შეგროვილი პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები და პირველადი მოხმარების ნივთები ჩაიტანეს.
ახალგაზრდებმა დახმარება საკუთარი დანაზოგითა და თელავში მცხოვრები მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერით შეიძინეს.
ერთ- ერთი ორგანიზატორის, დინა ნაწიფაშვილის განმარტებით, ჯგუფი უკვე შოვშია და მალე დახმარების განაწილების პროცესი დაიწყება.
” ყველასთვის გვაქვს შეძენილი პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები და ისეთი ნივთები, რაც აუცილებლად საჭიროა, როგორც დაზარალებულების, ასევე მაშველებისა და მოხალისეებისთვისაც. თანხა ყველამ გავიღეთ რაც შეგვეძლო, დაინტერესებული ადამიანებიც გვირიცხავდნენ. უკვე ადგილზე ვართ და გადაწყვეტილი გვაქვს, ის გოგონაც მოვინახულოთ, რომლის მარტოხელა დედასაც ამ დრომდე ეძებენ”- განაცხადა ნაწიფაშვილმა.
შოვში 3 აგვისტოს დატრიალებულ ტრაგედიას, 21 ადამიანი ემსხვერპლა. სამი პირი დაიკარგა კახეთიდანაც.
ერთ- ერთი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, დავით ბერიაშვილი, უკვე დაკრძალეს.
ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, ასევე სიღნაღის მუნიციპლიტეტში მცხოვრები და- ძმა, სოფი და გიორგი ყარალაშვილები.