თელაველი მგზავრების სახიფათო თავგადასავლები
რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი 11 წლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გამოჩნდა. დღევანდელი მდგომარეობით, თელავსა და მიმდებარე სოფლებში 11 მარშრუტია დანიშნული. მოქალაქეების ნაწილი რადიო “ჰერეთს” უყვება, რომ გადადგილების დროს, ავტობუსები იმდენად სწრაფად მოძრაობენ და გაჩერებებზე ისე მკვეთრად ამუხრუჭებენ, შესაძლებელია, მგზავრმა ტრავმაც მიიიღოს.
მგზავრები:
„სანამ ჩახვალ, შეიძლება, კარები დაგიკეტონ და შუაში მოგაყოლონ. ისე დაამუხრუჭებს, რომ მთლიანი ეს მასა ხალხი, რა ვიცი, რამდენი კაციც ვდგავართ… 30-40, შეიძლება, მოწყვეტით გავქანდეთ და წინ დავასკდეთ. უკან, კარებთან გადასული, ორი პატარათი… ერთი ხელში მეჭირა, მეორეზე ხელი მეკიდა, გადავირბინე ეზოზე და კარებთან ვიყავი უკვე [მისული, რომ] დაქოქა და წავიდა. რამდენჯერმე გამაცდინეს და ორი გაჩერების ქვემოდან მომიწია, პარკებით ხელში ამოსვლა ჩემს საცხოვრებელ ადგილამდე.“
„მე უბრალოდ, ვითხოვ ყოველთვის, ეს მძღოლები გადამზადდნენ. მათ უნდა იგრძნონ, რომ თითოეული მგზავრის სიცოცხლე მათ ხელშია. და… აი, სად ეჩქარებათ? შეიძლება, უცბად, არ იყო ისე, მყარად არ იდგე და ამ სწრაფად სიარულის პერიოდში, შეიძლება, ისე დაამუხრუჭოს მძღოლმა, რომ წაგაქციოს და ხელი დაგყვეს ან თავი დაარტყა.“
ავტობუსებით გადაადგილება რომ უსაფრთხო არ არის, მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე სხვა მოქალაქეებიც ადასტურებენ. მგზავრები ტრანსპორტის ტექნიკურ გაუმართაობასა და პერსონალის დაბალ კვალიფიკაციაზეც ჰყვებიან.
მგზავრი:
„ძალიან მწყობრიდან არის გამოსული ავტობუსები. დადის ხმაურით. ძალიან ხშირად მქონია ისეთი შეგრძნება, რომ გზაში სადღაც დაიშლება ეს ავტობუსი. თუ არ გვყავს სპეციალისტები, რომლებიც შეაკეთებენ, ნუთუ არ შეიძლება, მუნიციპალიტეტმა იფიქროს იმაზე, რომ გადაამზადონ.“
მარშრუტების სიმრავლის მუხედავად, მოქალაქეების ნაწილისათვის ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი მისაღები არ არის. სტუდენტი მარიამ ბაქრაძე ამბობს, რომ შეუსაბამო საათების გამო, ზოგჯერ სასწავლებელში ადრე მიდის, ან აგვიანებს.
მარიამ ბაქრაძე:
„პირადად მე, ყოველ დილით, ადრე მიწევს მოსვლა, რათა ლექციებზე არ დამაგვიანდეს. რის გამოც, მიწევს, რომ 2 ან 3 საათით ან თუნდაც, ერთი საათით ადრე მოვიდე. ან სხვა შემთხვევაში, მაშინ ტაქსით უნდა წამოვიდე, რათა თავის დროზე მოვიდე და არ დამაგვიანდეს. ამავე დროს, ყოველი ავტობუსი, თითოეული მათგანი ერთმანეთის მიყოლებით მოდის გაჩერებაზე, რაც დიდი დისკომფორტია საზოგადოებისთვის, რადგან ყველამ არ იცის, რა დროს მოდის ავტობუსი და ხშირად, მათ ერთ საათამდე მაინც უწევთ ლოდინი.“
პარტია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი არჩილ მჭედლიშვილი მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხებზე დიდი ხანია მუშაობს. არჩილი ამბობს, რომ პრობლემებს ტრანსპორტში, არასწორი დაგეგმარება და არაკვალიფიციური კადრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განაპირობებს.
არჩილ მჭედლიშვილი:
„არ მოხდა ადამიანების ჩართვა პროცესში, მოქალაქეების, ვის როგორი ხედვა ჰქონდა მუნიციპალურ ტრანსპორტზე, სპეციალისტების ჩართულობა არ მოხდა და ამიტომ, ბრმად ემატებოდა, ემატებოდა მარშრუტი. მე ვფიქრობ, რომ მთავარი არის თავიდან გააზრება. მნიშნელოვანია ურბანისტებისა და ტრანსპორტის სპეციალისტების აუცილებელი ჩართვა, ახლა მაინც. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. და მოქალაქეებთან კონსულტაციის შემდეგ, ამ მარშრუტების გააზრებაც.“
თელავის მუნიციპლიტეტის მერიას დაქვემდებარებული სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი ვანო იორდანიშვილი მოქალაქეების პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს, თუმცა აღიარებს, რომ მუნიციპალური ავტობუსების ერთ-ერთ მარშრუტზე, რამდენიმე თვის წინ, მგზავრმა ქალმა ტრავმა მიიღო.
ვანო იორდანიშვილი:
„ვიდეოკადრებიც მქონდა, შიგნით გადაღებული. მძღოლი მაქ არაფერ შუაში არ იყო. მძღოლი მგზავრთან ვერ მივა და ვერ ეტყვის, რომ ხელი უნდა წაავლოს სახელურს, რომ თავი შეიმაგროს გადაადგილების დროს. რაც შეეხება სისწრაფეს, ფიზიკურად არის შეუძლებელი ქალაქში სწრაფად მოძრაობა. ვარიანტი არ არის, რომ სტუდენტმა ვერ მოირგოს ეგ გრაფიკი, რაც მაქვს… გინდა სკოლის მოსწავლემ, გინდა სტუდენტმა და გინდ, მოსამსახურემ. 6 თვეში ერთხელ ხომ გათვალისწინებულია როგორც ზაფხულის საბურავები, ისე ზამთრის საბურავები.“
მუნიციპალური ტრანსპორტის მოვლისა და შენახვისათვის, თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მილიონ ორასი ათასი ლარია გათვალისწინებული. ამას ემატება ღირებულებაც, რომელსაც მოქალაქეები მგზავრობისათვის იხდიან, თუმცა უსაფრთხო გადაადგილება, ყველა მგზავრზე მორგებული გრაფიკი და ტექნიკური გამართულობის პრობლემები, აღმოფხვრილი მაინც არ არის.
წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.