„თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი გაიზარდა
დღეიდან „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი გაიზარდა.
1 ივლისიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო საცალო მომხმარებელი, 1მ3 ბუნებრივი გაზში, დღგ-ს ჩათვლით, 1.15 ლარის ნაცვლად, 1,38 ლარს გადაიხდის.
კომპანიაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება ფასების მკვეთრი ცვლილების გამო მიიღეს.
“ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული რეალობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რაც განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ცვლილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირებაზე”- ამბობენ კომპანიაში.
ჯერჯერობით, უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, 2023 წლამდე დაადგინა.
ამ დადგენილებით, 1მ3 გაზი 59 თეთრი ღირს.
ბუნებრივი გაზის ტარიფი თელავში, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის, უკვე რამდენჯერმე გაიზარდა.
ტარიფის ბოლო ცვლილება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის,6 თვის წინ, 2021 წლის 1 დეკემბრიდან დაფიქსირდა და 1მ3 გაზი 6 თეთრით გაძვირდა.