თელავი- გომბორი- ვაზიანის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდა
თელავი- გომბორი- ვაზიანის საავტომობილო გზაზე, ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შეიზღუდა. შეზღუდვის მიზეზი ინტენსიური თოვა და ყინვა გახდა.
ინფორმაცია რადიო ჰერეთს, თელავის საგზაო სამმართველოს ინჟინერმა თამაზ აბდულაშვილმა დაუდასტურა. აბდულაშვილის განმარტებით, უღელტეხილზე დაბალი ტემპერატურის გამო, გზის საფარი მოყინულია.
” ტემპერატურა -12 გრადუსია, იმის მიუხედავად, რომ ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი, გზის შავი საფარის დიდი ნაწილი მოყინულია.რაკი ღამით კომენდანტის საათია, გადაწყდა, რომ ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეზღუდულიყო. გზის ამ მონაკვეთზე თოვლის ყინვის გამო იყრება სილა და ტექნიკური მარილი, ასე გაგრძელდება მთელი ღამის განმავლობაში”- განაცხადა აბდულაშვილმა.
ბოლო ათი დღის განმავლობაში, გომბორის უღელტეხილი, ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო, უკვე მესამედ დაიკეტა.