მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თელავი, ინაუგურაციის და საპროტესტო აქციის მოლოდინში

თბილისიდან თელავის მიმართულებით, საავტომობილო გზა გადატვირთულია. კახეთისკენ ასობით ადამიანი მიემართება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად. ინაუგურაცია თელავში დღეს, 16 დეკემბერს, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართება.

მოძრაობა შეზღუდულია გომბორის უღელტეხილის გავლით და ამ გზაზე მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს უშვებენ, რომლებიც ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად სტუმრის სტატუსით მიემგზავრებიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, უწყება პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული დელეგაციების, ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის და მოწვეული ყველა სტუმრის უსაფრთხოებას დაიცავს. აღნიშნული ღონისძიების გამო კი, კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

სამართალდამცავი უწყების თქმით, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების ორგანიზატორებს მოუწოდებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

ინაუგურაციაზე მიწვეულია 1 800 სტუმარი. ორგანიზატორთა თქმით, მათი უმრავლესობა ინაუგურაციას ფეხზე დგომით დაესწრება. პარალელურად, თელავისკენ მიემართება გაერთიანებული ოპოზიციის კოლონა, რომლებსაც ავტომობილზე მიკრული აქვთ საქართველოს დროშები და წარწერები “არა სალომეს!”. ოპოზიცია ამ დრომდე არ აღიარებს სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში გამარჯვებას და მას არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button