მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თელავის აგრარულ ბაზარში ფინანსური კრიზისია

კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, თელავის აგრარული ბაზარი ფინასურ წაგებაზე გადავიდა. ინფორმაცია, რადიო ჰერეთს აგრარული ბაზრის დირექტორმა დაუდასტურა.
მერაბ თურქოშვილის განმარტებით, შეზღუდვების გამო, დაიკეტა მსხვილი გადამხდელი პავილიონები და დაიკლო მომხმარებელმა.

“გიდასტურებთ, რომ უკვე წაგებაზე ვმუშაობთ. შეზღუდვების გამო, დაიკეტა პავილიონები. დაიკლო მომხმარებლების რიცხვმაც და მოვაჭრეები დახლებს ტოვებენ. 18 ათასი ლარი გვაქვს ყოველთვიური ხარჯი, ამაში შედის კრედიტი, თანამშრომლების ხელფასები, რეგულაციების დაცვისთვის საჭირო თანხები. აქ გარკვეული სამუშაო ჩავატარეთ, შემდეგ გაირკვა, რომ არ გვჭირდებოდა და ლამის 30 ათასი ლარი დაგვიჯდა. ჯარიმები ცალკე გადავიხადეთ. ახლა მოსახლეობის გადაუდებელი საჭიროება და აქ მომუშავე ადამიანების ოჯახები რომ არა, დავკეტავდით ბაზარს” – განაცხადა თურქოშვილმა რადიო ჰერეთთან.

6 დეკემბერს, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა, თელავის აგრარული ბაზარი, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეამოწმეს.
შემოწმების შედეგი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

2020 წლის მარტის თვიდან, კორონა ვირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, თელავის აგრარული ბაზარი რამდენჯერმე დაჯარიმდა და ორჯერ დაიკეტა კიდეც.

ბაზრის დაკეტვას მოვაჭრეების უკმაყოფილება მოჰყვა. მათ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციაც ჩაატარეს.

თელავის აგრარული ბაზრის მოგებამ, გასული წლის ერთ კვარტალში, 28.000 ლარი შეადგინა.
დღევანდელი მდგომარეობით, ერთი დიდი სასურსათო მაღაზიისა და აფთიაქის მიერ გადახდილი იჯარის თანხით, ბაზარი, მხოლოდ საბანკო კრედიტს,ადმინისტრაციის 9 თანამშრომლის ხელფასსა და კომუნალურ გადასახადებს ფარავს.

შექმნილი ვითარების გამო, ბოლო 9 თვის განმავლობაში, ბაზრის მფლობელმა, უკვე ორი ინვესტიცია განახორციელა, თუმცა აგრარულ ბაზარში, ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.

 

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button