“გერმანიის ელჩს თალაკვაძე უხსნიდა, რა არის სამართლის უზენაესობა”

პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ბოლო შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 20 წუთი ხსნიდა, თუ რა არის სამართლის უზენაესობა. ამის შესახებ კობახიძემ გადაცემა “არენაში” ისაუბრა.
“20 წუთი დაუთმო პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, იმის განმარტებას, თუ რა არის სამართლის უზენაესობა და როგორ არ შეიძლება, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ჩაერიოს მაგალითად, სასამართლოს საქმიანობაში ან დამოუკიდებელი პროკურატურის საქმიანობაში ან როგორ ვერ მიუთითებს პრეზიდენტს, რა უნდა გააკეთოს”. — აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, ოპოზიცია ყოველ შეხვედრაზე აყენებდა პატიმრების გათავისუფლების პირობას, თუმცა მმართველი გუნდის მხრიდან მუდამ უარს იღებდა.
ბოლო დღეებში ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ განხილვის საგანი გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ, მმართველი გუნდი პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში არიან.