მნიშვნელოვანირეგიონი

თელავის ბაზარი მოვაჭრეებს დაკეტილი დახვდათ

დღეს, დილიდან ხმაური იყო თელავის აგრარულ ბაზართან. სამსახურში მისულ მოვაჭრეებს ობიექტი დაკეტილი დახვდათ.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა, ბაზრის დაკეტვის გადაწყვეტილება 5 აგვისტოს, საღამოს მიიღო.

როგორც რადიო ჰერეთთან ბაზრის დირექტორმა, მერაბ თურქოშვილმა განაცხადა, ხელახალი შემოწმება ობიექტის დაკეტვის დროს ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ თერმოსკრინინგი არ ტარდებოდა.

“შემოვიდნენ და დაგვაჯარიმეს იმის გამო, რომ თერმოსკრინინგი არ ტარდებოდა. ჯერ ჯარიმის რაოდენობა არ ვიცით და არც ის, როდის გავხსნით.”- განაცხადა თურქოშვილმა.

ბაზრის დაკეტვამ მოვაჭრეების უკმაყოფილება გამოიწვია.

მოვაჭრეები ბაზრის შესსსვლელში შეიკრიბნენ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა მოითხოვეს.

“გვაქვს ბანკის ვალები, შიგნით მალფუჭებადი პროდუქტი და რას ვიზამთ, არ ვიცით. მოვიდნენ და გვიპასუხონ.” – განაცხადა “ჰერეთთან” ერთ- ერთმა მოვაჭრემ.

ბაზრის ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებთან შესახვედრად, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი მივიდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.

თერმოსკრინინგისათვის საჭირო აპარატის უქონლობის გამო, თელავის აგრარულ ბაზარს, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა, ორი დღის წინ, გაფრთხილება მისცა.

ადმინისტრაციასთან ხელისუფლების წარმომადგენლების მოლაპარაკების შემდეგ, აღნიშნული დარღვევების აღმოფხვრის პირობით, ბაზრობა გაიხსნა. როგორც მერაბ თურქოშვილმა რადიო “ჰერეთს” განუცხადა, ბაზრობას 2 000-ლარიანი ჯარიმაც დაეკისრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button