მნიშვნელოვანირეგიონი

თელავის მერიამ სასკოლო ლიგას ინტელექტუალური თამაშისათვის ” რა? სად? როდის? ” სივრცის დათმობაზე უარი უთხრა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ სასკოლო ლიგას ინტელექტუალური თამაშისათვის ” რა? სად? როდის? ” სივრცის დათმობაზე უარი უთხრა.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში, თავად კლუბის დამფუძნებელმა და თამაშის წამყვანმა, არჩილ მჭედლიშვილმა გაავრცელა.

ამ მიზეზით 23-მა სასკოლო გუნდმა შესარჩევი თამაში ღია ცის ქვეშ, გართობისა და დასვენების პარკ” ნადიკვარზე” ჩაატარა.

არჩილ მჭედლიშვილმა, მედიასთან კომენტარზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ ქალაქისათვის პრესტიჟის შელახვას ერიდება.

სოციალურ ქსელში საკუთარი პროტესტი, სამოქალაქო აქტივისტმა, ნინო ბოჭორიძემ დააფიქსირა და რადიო ჰერეთთან საუბარში განაცხადა, რომ პოზიცია არ შეუცვლია.

“ამ არაჩვეულებრივ ბავშვებს თელავის მერიამ სივრცე არ დაუთმო. რა ? სად ? როდის? – ჩასატარებლად. ამიტომ ღია ცის ქვეშ უწევთ თამაში!
ფოტოზე 23 გუნდია! ამ 23 გუნდს უთხრეს არ გვაინტერესებს თქვენი აზრი და მოდით არტ- თამაშები ითამაშეთო!

აეგ არი შენი ადგილობრივი ხელისუფლება! აეგ არი შენი მერი, თელავის და თელაველების მოყვარე მერი”- წერს ბოჭორიძე.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია, სასკოლო ლიგის თამაშებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მიზერული თანხით აფინანსებდა და სივრცეებსაც უთმობდა. თამაშების ერთ- ერთ სეზონზე, მონაწილეებს მერიის თასიც კი გადაეცათ.

მიმდინარე წლის სექტემბერში, კლუბის დაფინანსება შეწყდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ კლუბ ” რა? სად? როდის? ” წამყვანს, არჩილ მჭედლიშვილს, სხვა წამყვანით ჩანაცვლება შესთავაზა.

ინფორმირებული წყაროს განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობა ბიუჯეტიდან სასკოლო ინტელექტუალური თამაშების დაფინანსებას , მხოლოდ ამ შემთხვევაში აპირებდა.

თამაშების დამფუძნებლის მიერ უარის მიღების შემდეგ, მერიამ სკოლის მოსწავლეებისათვის არტ- თამაშები შექმნა, რომლის წამყვანი, მერიის ერთ- ერთი სამსახურის თანშრომელია.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში რადიო ჰერეთს განუმარტეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

” არანაირი მომართვიანობა თამაშისათვის სივრცის დათმობაზე არ ყოფილა, არც მერიასთან, არც მერიას დაქვემდებარებულ ააიპებთან. სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება” – განმარტეს მერიაში.

ინტელექტუალური სასკოლო თამაშების დამფუძნებელი, არჩილ მჭედლიშვილი თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომელია. ის აქტიურად მონაწილეობს სამოქალაქო აქტივობებში და ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებში, მუდმივად ჩართულია.

არჩილ მჭედლიშვილი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა 2017 წელს, თელავისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას და ამ საკითხზე, სოციალურ ქსელში დღემდე წერს.

მსგავსი პოსტები

Back to top button