მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის მერიის გასაამართ აუქციონს მცირე ბიზნესი აპროტესტებს

მცირე ბიზნესის წარმომადგენლები თელავის მერიას უპირისპირდებიან.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 9 მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანას გეგმავს.

მიწის ნაკვეთებს შორის, ისეთი ადგილებიცაა, რომელთა მოსალოდნელ გასხვისებას, ადგილობრივი მცირე ბიზნესის უკმაყოფილება მოჰყვა.

ერთ-ერთი არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი, თელავში, თბილისის გზატკეცილზე მდებარეობს

“თელავის მუნიციპალიტეტის მერია ისეთ მიწის ნაკვეთებს ყიდის, საიდანაც ფაქტიურად შემოსასვლელი გვაქვს. ამან შესაძლოა, ჩვენი ბიზნესი მოკლას”- ამბობენ რადიო ჰერეთთან, გზატკეცილზე მდებარე, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები.

” სურსათის მაღაზია მაქვს.პანდემიის გამო, ისედაც ჩავარდნილია ყველაფერი, ხალხი ძლივს ყიდულობს საჭმელს. ზუსტად ისეთი ადგილი იყიდება, რომ შემოსასვლელი უნდა ჩამეკეტოს და ვეღარც ვერავინ დაინახავს, რომ აქ მაღაზიაა. ეს რომ გაიყიდოს და ვინმემ რამე ააშენოს, უნდა დავკეტო მაღაზია და სახლში წავიდე, ან სახლი გავყიდო და აუქციონში მივიღო მონაწილეობა. მოვიგებთ თუ არა, ეგეც არ ვიცით” – განაცხადა ადგილობრივმა, ნუგზარ ჭიჭიაშვილმა.

მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის წინააღმდეგები არიან, ახლოს მდებარე ბენზინგასამართი სადგურის, მანქანების სარემონტო სახელოსნოებისა და ტრანსპორტის დიაგნოსტიკის ბიზნესის მფლობელებიც.

” მე ავტომანქანებს ვემსახურები. ეს თუ ვინმემ იყიდა, შემოსასვლელი აღარ დარჩება. ბენზინგასამართი სადგური დან კი, მანქანები ვეღარ გამოვლენ. უკან უნდა გავიდნენ და შესაძლოა ავტოსაგზაო შემთხვევაც მოახდინონ, რადგან იქ ორმხრივი მოძრაობაა.თუ აუქციონში მომიწევს მონაწილეობა, ბანკიდან კრედიტი უნდა ავიღო. აბა სხვა გამოსავალი არ მექნება,ეს სახელოსნოც იპოთეკით მაქვს დატვირთული. კაციშვილი არ მოსულა, ეკითხა, ჩვენ რას ვფიქრობთ”- თქვა ავტომობილების სახელოსნოს მფლობელმა, დავით ყურაშიძემ.

უკმაყოფილების მიუხედავად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თბილისის გზატკეცილზე მდებარე ნაკვეთის აუქციონზე გასატანად, მერიას თანხმობა საკრებულოს 5 ივლისის სხდომაზე მაინც მისცა.
საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, უჩა ჭოტიაშვილის განმარტებით, საკრებულომ ნაკვეთის აუქციონზე გატანა, მიზანშეწონილად მიიჩნია.

” ცხრა ნაკვეთიდან, მხოლოდ ორზე მივეცით თანხმობა, რომ საპრივატიზაციო ნუსხაში ჩასვან, დანარჩენს განხილვა სჭირდება. ზოგან მოსახლეობის უკმაყოფილება წარმოიშვა და მსჯელობა გვექნება -“განაცხადა ჭოტიაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი თავბერიძე ამბობს, რომ მუნიციპალური ქონების განკარგვა მერიას თავისუფლად შეუძლია.

” ჩვენ გვაქვს უფლება გადავწყვიტოთ მუნიციპალური ქონების ბედი და საკრებულოს თანხმობით, ჩავსვათ საპრივატიზაციო ნუსხაში. აუცილებელი არ არის დაინტერესებული პირი იკვეთებოდეს. ბიუჯეტის შევსების გეგმაც ხომ გვაქვს. ასე რომ კანონი არ დაგვირღვევია”-განაცხადა თავბერიძემ.

თბილისის გზატკეცილზე მდებარე ნაკვეთის აუქციონზე გატანას არ ეთანხმება ოპოზიცია. საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე, ალექსანდრე ძულიაშვილი ამბობს, რომ ნაკვეთზე მწვანე სკვერის მოწყობის მომხრეა.

” ქალაქის ურბანული განვითარების გეგმა არ აქვთ. მიაყოლეს და თავიანთ ჭკუაზე ყიდიან. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ამ ადგილას მოეწყოს გამწვანებული სკვერი. მანდ რომ რამე აშენდეს, გამოვა, ერთი ბიზნესისთვის კლავენ ოთხს და თან ამახინჯებენ ქალაქს”- განაცხადა ძულიაშვილმა.

როდის შედგება აუქციონი მიწის ნაკვეთზე, ჯერ ცნობილი არ არის, მანამდე, მცირე ბიზნესის უკმაყოფილო წარმომადგენლები მერიისათვის განცხადებით მიმართვას აპირებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button