რეგიონისიახლეები

თელავის მოსახლეობა ანტისანიტარიას უჩივის

ქალაქ თელავისა და მუნიციპალიტეში შემავალი სოფლების ქუჩები, დღეების განმავლობაში დასასუფთავებელია. მოსახლეობა ჩივის, რომ ნაგვის ურნები გადავსებულია და მიუსაფარი ცხოველებისა და მღრღნელების თავშესაფრადაა გადაქცეული.

“სოფლებშიც და ქალაქშიც საშინელი ანტისანიტარიაა. ურნები გადავსებულია და ძაღლები იკლებენ. რამდენჯერ იყო შემთხვევა, რომ შიგ ვირთხებიც დარბიან. ორი სახლი მაქვს, სოფელში ჩავალ და ქუჩაშია ნაგავი დაყრილი, თელავში ჩამოვალ და აქაც ასეა მოფენილი. დასუფთავების სამსახური ხომ არსებობს, რას აკეთებენ, სად არიან”- ამბობს რადიო ჰერეთთან, მოქალაქე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, გიგი გიგიტელაშვილი ამბობს, რომ დასუფთავებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, ძალიან მწირია.

” თანხები, რაც ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, მწირია. თანამშრომლების ხელფასები, კი ძალიან დაბალი. არც ტანსაცმელი აქვთ შესაბამისი, რითიც უნდა იმუშაონ. ამავდროულად, ტექნიკა ამორტიზებულია და ხშირად უფუჭდებათ. ადგილობრივი მოსაკრებელია დასუფთავების გადასახადი და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, არც იმას იხდის”- განაცხადა გიგიტელაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, რადიო ჰერეთთან საუბრისას ადასტურებს, რომ დასუფთავების პრობლემა არსებობს. თელავის მერი განმარტავს, რომ ტექნიკა, რითიც მომსახურება ხორციელდება, ამორტიზებულია.

” დასუფთავების პრობლემა თელავსა და სოფლებში, წლებია დგას. ეს ჩვენთვის ახალი არ არის. საქმე იმაშია, რომ ნაგავმზიდები, პრაქტიკულად ამორტიზებულია. შემდეგ წელს ვაპირებთ, შევიძინოთ ოთხი ერთეული ტექნიკა, ამავდროულად, მონაწილეობას ვიღებთ კონსოლიდირებულ ტენდერში და ერთი ერთეულის შეძენას ასე ვგეგმავთ. მომავალი წლიდან კიდევ გადმოგვცემა 300 ნაგვის ურნა, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ რაც მეტი ურნაა განთავსებული, მეტი ტექნიკა და თანხა სჭირდება მომსახურებას. გარდა ამისა, ამორტიზებული ტექნიკის შეკეთებასაც სჭირდება შესაბამისი თანხების მობილიზება. ზონების მიხედვით, მაგალითად, სოფელ ფშავლიდან ნარჩენების შეგროვება ხდება ორ დღეში ერთხელ. თელავში კი, დღის განმავლობაში, ორჯერ. მთლიანობაში, პრობლემის აღმოფხვრისთვის ჩვენ გარკვეული დრო და თანხების დახარჯვა გვჭირდება”- განაცხადა ანდრიაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ბალანსზე 15 ნაგვის მანქანაა. დასუფთავების ღონისძიებებისათვის თელავის 2022 წლის ბიუჯეტში, 129631 ლარია გათვალისწინებული. დასუფთავების პროგრამის ფარგლებში, მუნივიპლიტეტის ტერიტორიიდან, დღის განმავლობაში 950 მ/კუბ ნარჩენი უნდა გავიდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button