რეგიონი

თელავის მოსახლეობამ გაზის გაორმაგებული გადასახადი მიიღო

იანვრის თვეში თელავის მოსახლეობამ გაზის თითქმის გაორმაგებული გადასახადი მიიღო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გაზის საფასური, რეალურად მოხმარებულის შესაბამისი არ არის და ბევრად აღემატება ახალი ტარიფით დაანგარიშებულ თანხას.

თელაველები რადიო ჰერეთთან ამბობენ, რომ იანვრის თვეში გაზის მოხმარება არ გაუზრდიათ, თუმცა თითქმის გაორმაგებული გადასახადი მიიღეს.

” თვეში, საშუალოდ მოვიხმარდი 35- 40 ლარის გაზს. ამ თვეში მომივიდა 87 ლარი. არც მოხმარება გამოზრდია, არც რეჟიმი შემიცვლია. რა იანგარიშეს ასეთი, რა ტარიფით, ან რა მოხმარება მქონდა ასეთი განსაკუთრებული. ერთი თეთრით ტარიფის გაზრდამ, ასეთი ნახტომისებური ზრდა როგორ გამოიწვია? გვძარცვავენ, ღიად და პატრონიც არ ჰყავთ”- ამბობს მოქალაქე.

ერთ- ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ კომპანია ” თელავ- გაზმა” გადასახადი, დადგენილ ტარიფზე 2 თეთრით მეტი უანგარიშა.

” ახალი ტარიფი რომ დაადგინეს, იმის მიხედვით, 87 ლარი უნდა გადამეხდა , თუმცა კომპანია მწერს, რომ 91ლარი მაქვს გადასახდელი. თითქოს ოთხი ლარი არაფერია, მაგრამ ჩემნაირი რამდენია”- ამბობს ერთ- ერთი აბონენტი.

კომპანია თელავ- გაზში მოსახლეობის პრეტენზიებს არ პასუხობენ. დღის განმავლობაში, ხელმძღვანელ პირებთან დაკავშირება ვერაფრით მოხერხდა.
გადაწყვეტილება ერთი თეთრით გაზის ტარიფის მატების შესახებ მარეგულირებელმა კომისიამ 1 დეკემბერს მიიღო.
საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის გაზის საფასური, 57- დან 58 თეთრამდე გაიზარდა და ტარიფი 2022 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში.

,,თელავგაზში” იმ დროისათვის განმარტეს, რომ ტარიფის გადახედვას საფუძვლად დაედო “ბუნებრივი გაზის ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიით” კომისიისთვის განსაზღვრული ვალდებულება, განეხორციელებინა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი და დაეკორექტირებინა ტარიფი.
რაც შეეხება კომერციულ ტარიფს, ის “თელავგაზის” აბონენტებისთვის 1.09 ლარიდან 1.15 ლარამდე გაიზარდა.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში

მსგავსი პოსტები

Back to top button