ახალი ამბებიმნიშვნელოვანირეგიონი

სოფელ სანიორეში მაშველები სახლებიდან წყალს ტუმბავენ

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ამ წუთებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში, წვიმის შედეგად დატბორილი საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიდან მეხანძრე-მაშველები წყალს ტუმბავენ.

ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი მოსახლის მიერ, არასწორად აშენებული კედლის გამო, წვიმის წყალმა სოფლის სანიაღვრე არხები გადაავსო და საცხოვრებელი სახლები დატბორა.

„ძლიერი წვიმა იყო. მას შემდეგ, რაც ნოდარ საქუაშვილის მამულში დიდი კედელი ააშენეს, წყალი გზას ვეღარ ნახულობს და სახლებში გვივარდება. სავსე გვაქვს ახლაც ეზოები და სარდაფები. ექვსი ოჯახი ვართ დაზარალებული, ერთ-ერთი მოხუცი ქალია, დასაძინებელიც არ აქვს. მაშველები გვიტუმბავენ წყალს. ბევრჯერ ვითხოვეთ, ეს პრობლემა მოეგვარებინათ, მაგრამ უშედეგოდ. ის კედელი კვლავ წინაღობად რჩება“, – განაცხადა რადიო ჰერეთთან საუბრისას ერთ-ერთმა ადგილობრივმა, თინა ბიჭიაშვილმა.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ექვსი ეკიპაჟი მუშაობს. ამოტუმბვის სამუშაოების წარმოებაში მაშველებს მოსახლეობაც ეხმარება. ადგილობრივები წყლის ცენტრალური შემკრების გაწმენდას, სანიაღვრე არხების გაფართოვებასა და ნოდარ საქუაშვილის ოჯახისგან კედლის მოშლას ითხოვენ. წარსულში ცნობილი ბიზნესმენი, ნოდარ საქუაშვილი, რამდენიმე წლის წინ, მძიმე სენით გარდაიცვალა. ბიზნესმენის დანატოვარ ქონებას ამჟამად, მისი დისშვილები მართავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button