თურქეთში სამსახურიდან 11 ათასი მასწავლებელი დაითხოვეს

თურქეთში, სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ქვეყანაში აკრძალულ – ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირში ეჭვმიტანილი 11 ათასზე მეტი პედაგოგი სამსახურიდან დაითხოვეს, – იუწყება Anadolu.

თურქეთის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე 11 285 მასწავლებელი იძულებით ფასიან შვებულებაში გაუშვეს.

გამოცემა გვაცნობებს, რომ გათავისუფლებული პედაგოგების რიცხვმა შეიძლება 14 ათასს მიაღწიოს. როგორც ცნობილია, მთელ თურქეთში 850 ათასი მასწავლებელი მოღვაწეობს.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ რეგიონებს შეეხება შემცირება. ქურთების უმრავლესობა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის, ერაყისა და ირანის საზღვრებთან ცხოვრობს.

მიმდინარე წლის 15 ივლისს, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ მასობრივი წმენდა დაიწყო. 80 ათასზე მეტი ადამიანი, რომელთა რიცხვში არიან მოსამართლეები, ჟურნალისტები და უმაღლესი სასწავლებლების დეკანები, სამსახურიდან დაითხოვეს. ისინი ოპოზიციონერი მოღვაწე, ფეთჰულა გიულენის, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, მხარდაჭერაში არიან ეჭვმიტანილნი. ანკარას მიაჩნია, რომ გიულენი პუტჩის ორგანიზატორია.

მაშინ თურქეთის უმაღლესი განათლების სამმართველომ თურქული უნივერსიტეტების ყველა დეკანის, რომელთა რიცხვი 1 577 ათას ადამიანს შეადგენს, გათავისუფლება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ამბოხის საქმის გამოძიების ფარგლებში თურქეთში 35 ათასი ადამიანი დააკავეს, მათგან 17 ათასი ოფიციალურად დააპატიმრეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button