თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ საკონსტიტუციო დავა მოიგო
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მამუკა წიკლაურის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანა მოუწევს.
მოსამართლის წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა რამდენიმე კვირის წინ განიხილა, საპროცესო კოდექსის 191- მუხლის მე-3 ნაწილი, არაკონსტიტუციურად ცნო და 2025 წლის 1 დეკემბრიდან, ძალადაკარგულად გამოაცხადა.
სასამართლომ დაადგინა საპროცესო კოდექსის მუხლის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლთან, რომლის თანახადაც “დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით, ასევე ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს.”
მოსამართლე წიკლაურმა წარდგინება კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს, 2020 წლის 23 ოქტომბერს მას შემდეგ შეიტანა, რაც ბრალდებული პირი, საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებდა.
მამუკა წიკლაური, პირველი მოსამართლეა საქართველოში, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება გამოიყენა.
წიკლაური ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული სტაჟირების პროგრამების მონაწილე და ვეტინგის მომხრე მოსამართლეა.
მამუკა წიკლაური ასევე იმ ხუთ მოსამართლეს შორისაა, რომლებსაც “საერთო სასამართლოების შესახებ”, საქართველოს ორგანულ კანონში 2022 წელს შეტანილი ცვლილებები, კერძოდ მოსამართლის გამოხატვის შეზღუდვა აქვთ გასაჩივრებული.