მნიშვნელოვანისიახლეები

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული შანიძე და ბუბუტეიშვილი პატიმრობაში დატოვეს

მოსამართლე ზვიად შავაძემ არ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა და „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი ითხოვდა ბრალდებულის გათავისუფლებას 3000-ლარიანი გირაოთი.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 26 ივლისს, გაიმართა.

ფრიდონ ბუბუტეიშვილს ბრალად ედება პარლამენტის ჭიშკრისა და ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაზიანება 1 მაისს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობის დროს. პროკურატურა მას ედავება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლისთვის ქვის სროლას, რის შედეგადაც მან დაზიანება მიიღო.

სასამართლოზე ბუბუტეიშვილმა თქვა, რომ ქვა ნამდვილად ეჭირა, თუმცა მხოლოდ თავის დასაცავად.

“ვინ დაამტკიცა, რომ ეს ქვა ესროლა და იმ თანამშრომელს მოხვდა. ეს ხო დაუდგენელია”, – ამბობს დაკავებულის მამა.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბუბუტეიშვილი, რომელიც ახლა 20 წლისაა, მოწმეებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს და ვერ ახალ დანაშაულს ჩაიდენს, რადგანაც მას დანაშაული არ ჩაუდენია.

“მას ედავებიან, რომ თითქოსდა ზიანი მიიღო ერთ-ერთმა თანამშრომელმა, მაგრამ საქმეში არ ჩანს, ვისგან მიიღო ან როგორ მიიღო”, – აღნიშნა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.
“ბრალდების მხარის პოზიცია არის, რომ აღნიშნულ ადამიანს რომ ხელი დაულურჯდა, თურმე 7 წლამდე პატიმრობა ეკუთვნის აღნიშნულ ადამიანს, არა არსებობს ამ საქმეში მტკიცებულებები”, – თქვა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენეს:

​187-ე მუხლის პირველი ნაწილი – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა);
353-ე პრიმა – თავდასხმა ხელისუფლების წარმომადგენელზე (ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა). ფრიდონ ბუბუტეიშვილი 9 მაისს დააკავეს. მას 20 წელი პატიმრობაში შეუსრულდა. ბრალდებულს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვის გარდა, დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ მოუსმინა პროკურატურისა და ადვოკატის შესავალ სიტყვებს. შემდეგი სხდომა 13 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის ცხრა მონაწილე დააკავა სისხლის სამართლის კოდექსით. ყველა მათგანი პატიმრობაში რჩება.
ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დაკავების მომენტში 19 წლის იყო

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის დაკავებული გიორგი შანიძე მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პატიმრობაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 26 ივლისს გაიმართა.

გიორგი შანიძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარემ 20 000 ლარის ოდენობის გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა.
„ბრალდებულის ქცევიდან და ხასიათიდან გამომდინარე ჩვენ მოგვაჩნია, რომ არსებობს როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე“, – თქვა საქმის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ. მოსამართლისთვის პროკურორის ნათქვამი დამაჯერებელი აღმოჩნდა და თქვა, რომ აღკვეღის ღონისძიების შეფარდების შემდეგ არ შეცვლილა გარემოება, რომელიც შეამსუბუქებდა ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებს.

გიორგი შანიძე ერთ-ერთია იმ 9 ადამიანს შორის, რომელიც პოლიციამ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე სისხლის სამართლის წესით დააკავა. ყველა დაკავებული ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.
შანიძეს გამოძიება ედავება სხვისი ნივთის დაზიანებას (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას) – გამოძიების ინფორმაციით, მან 1 მაისს აქციაზე დააზიანა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერა.
დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 100-დან 140 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოს 1 წლამდე, შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 5 წლამდე.

შაინიძეს ედავებიან 265-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულსაც, რაც ნარკოტიკული საშუალება კანაფის მოყვანას გულისხმობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა. მათი ნაწილი ნაცემია. დადუდგენელმა პირებმა სცემეს ამ კანონის მოწინააღმდეგები საკუთარ სახლებთანაც. ამ დრომდე ამ ძალადობის შემთხვევებში მონაწილე არცერთი ადამიანის დაკავების შესახებ მედიისთვის ცნობილი არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button