თელავისა და ახმეტის საარჩევნო ოლქების გაუქმების მოთხოვნით შესულ საჩივრებზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება
თელავისა და ახმეტის საარჩევნო ოლქების გაუქმების მოთხოვნით შესულ საჩივრებზე გადაწყვეტილება, თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს გამოცხადდება.
მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძე შესაბამის განჩინებას 16 საათზე გამოაქვეყნებს.
საჩივრების განხილვა სასამართლოში 3 ნოემბერს, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
16 სასარჩელო მოთხოვნა კოალიცია “ჩემი ხმა ევროპას”იურისტმა წარადგინა.
იურისტმა სხდომაზე დეტალურად აღწერა უბნებზე არსებული დარღვევები, რაც ხმის ფარულობისა და მარკირების პროცედურების დარღვევას, ერთზე მეტი ბიულეტენის ჩაყრასა და რამდენიმე მიმართულების ტექნიკურ საკითხსაც მოიცავდა.
მოსარჩელე მხარემ შედეგების ბათილად ცნობა და კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.
პროცესს მოპასუხე მხარის 5 წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებმაც საჩივარში მოყვანილი ფაქტები უარყვეს.
საჩივრები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ბათილობის მოთხოვნით, კოალიციამ ” ჩემი ხმა ევროპას” სასამართლოში 2 ნოემბერს შეიტანა.