თელავში ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება
თელავში ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება. 1-ლი აპრილიდან მომხმარებელს 1 კუბურ მეტრზე, 48 თეთრის ნაცვლად, 59 თეთრის გადახდა მოუწევს.
გაზრდილი ტარიფის შესახებ კომპანია „ვისოლმა“ აბონენტებს შეტყობინება უკვე გაუგზავნა. თელავში ბუნებრივი აირის გაძვირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ გააპროტესტეს.
პარტიის კახეთის ორგანიზააციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და ტარიფის ზრდაში ენერგეტიკის სამინისტრო დაადანაშაულა.
“ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიაში” აირზე ტარიფის გაზრდას ადასტურებენ. კომპანიის გაზის დისტრიბუციის თელავის სერვისცენტრის დირექტორ დავით ჯირმიზაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება მხოლოდ იმ აბონენტებს შეეხებათ, რომლებმაც ბუნებრივი აირი სახლებში 2008 წლის აგვისტოში შეიყვანეს. მისივე თქმით, კომპანიის გადაწყვეტილებით, ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი 48-დან 59 თეთრამდე გაძვირდება.
დავით ჯირმიზაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ტარიფს არ გაზრდიდა, შესაძლოა, ბუნებრივი აირის ყიდვა ვეღარ მოეხერხებინა.