თელავში დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს
თელავში ძმების დაჭრისთვის დაკავებულ, 21 წლის გიორგი გელიაშვილს, ბრალი სამი მუხლით წაუყენეს.
გამოძიება მას ოჯახში ძალადობას, ქურდობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.
სამართალდამცავების მტკიცებით, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა მეგობარ ქალზე და მათი კონფლიქტით გამოწვეული ხმაურის გამო, შელაპარაკების ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრებ ორ ახალგაზრდას, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ბასრი საგნით, სხეულზე დაზიანებები მიაყენა.
დაჭრილი ახალგაზრდები, რომლებიც ძმები არიან, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობენ.
ერთ-ერთი მათგანი, არასრულწლოვანია.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისის თვეში, ქალაქ თელავში სასურსათო მაღაზიებიც გაქურდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ოჯახში ძალადობას და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს, 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, შემთხვევა თელავში, 14 ივლისს მოხდა.