თელავში ელისო ვირსალაძის დაარსებული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მეორმოცედ გაიხსნა
თელავში ელისო ვირსალაძის დაარსებული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მეორმოცედ გაიხსნა.
ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მსმენელის წინაშე დღეს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სოლისტები – სვეტლინ რუსევი და ანდრეა ლუკეზინი, არიელ ცუკერმანის დირიჟორობით წარდგნენ.
ფესტივალის ფარგლებში, მსმენელისათვის, თავად დამაარსებელი, მსოფლიოში ცნობილი პიანისტი, ელისო ვირსალაძეც დაუკრავს.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ელისო ვირსალაძემ 80- იან წლებში დაარსა და მას ” ქება ვაზისა” უწოდა.
2010 წელს, ფესტივალი თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა და მას შემდეგ, ყოველწლიურად ტარდება.
ფესტივალის დამაარსებლები, პიანისტი ელისო ვირსალაძე, ცნობილი ჩელისტი ნატალია გუტმანი და აწ უკვე გარდაცვლილი კლარნეტისტი, ედუარდ ბრუნერი, თელავის საპატიო მოქალაქის წოდებასაც ატარებენ.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტოს სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
წლევანდელი ფესტივალი 29 სექტემბერს დასრულდება.