რეგიონი

თელავში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა

თელავის ერთ- ერთ ძველ უბანში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დანგრევის პირასაა.

უნიკალური შენობა, XlX საუკუნის დასაწყისშია აშენებული და ის, თელავში მცხოვრებ დარია და გიორგი აივაზაშვილების ოჯახს ეკუთვნოდა.

ადგილობრივების გადმოცემით, აივაზაშვილების სახლში იოსებ სტალინი დადიოდა და ოჯახის ერთ- ერთი წევრი, 1906 წელს, თელავი- ხაშმის გზის მონაკვეთზე, სწორედ მისი გაცილების შემდეგ მოკლეს.

2012 წელს, სახლი სტიქიამ დააზიანა, რის გამოც, იმჟამინდელ მფლობელებს ქირით გადასვლა მოუწიათ, თუმცა სახლი სახელმწიფომ აღარ შეაკეთა.

დღევანდელი მდგომარეობით, სახლის ბოლო მესაკუთრეები გარდაცვლილები არიან და მათ შთამომავლს შესაბამისი დოკუმენტაცია, მემკვიდრეობის მისაღებად, ჯერ არ შეუგროვებია.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი, ლიკა ალადაშვილი განმარტავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე არ იგეგმება.

” ამ ეტაპზე, კონკრეტული არაფერი იგეგმება. ამ სახლის მესაკუთრის საკითხიც მოსაგვარებელია. წინა მფლობელები, რომლებსაც ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტაში ვეხმარებოდით, ცოცხლები აღარ არიან”- განაცხადა ალადაშვილმა.

თელავში რამდენიმე უნიკალური სახლია, როლებიც დანგრევის პირასაა და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

ერთ- ერთ ასეთ სახლზე, რომელშიც ქისტი განმანათლებელი, მათე ალბუთაშვილი წლების განმავლობაში ცხოვრობდა, რადიო ჰერეთი, რამდენიმე თვის წინ წერდა.

სახლის რეაბილიტაცია დღემდე არ ჩატარებულა

მსგავსი პოსტები

Back to top button