თელავში მშობლებისა და ბებიის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს წაუყენებენ

მშობლებისა და ბებიის მკვლელობისათვის დაკავებულ აკაკი აბრამიშვილს, ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.
27 წლის ახალგაზრდა, ჯერჯერობით, კახეთის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, ბრალდების მხარე დაკავებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე, თელავის რაიონულ სასამართლოს მიმართავს.
მკვლელობა თელავში, გოშაძის ქუჩაზე, აბრამიშვილების საცხოვრებელ სახლში,7 მარტს მოხდა.
ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში, აკაკი აბრამიშვილმა, დედა, 59 წლის თამარ ხოსმაზარაშვილი, მამა, 61 წლის გურამ აბრამიშვილი და 86 წლის ბებია, პისტოლეტიდან გასროლით მოკლა. შემთხვევის თაობაზე, მან პოლიციას თავადვე შეატყობინა და მიიმალა.
სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მალევე დააკავეს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აკაკი აბრამიშვილს 16 – დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.