რეგიონი

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი ფასიანი გახდება

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი ფასიანი გახდება ინფორმაციას, ტრანსპორტზე ფასის დაწესების შესახებ, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ადასტურებს

ლევან ანდრიაშვილი რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ
ტრანსპორტის მართვისათვის შექმნილი, მერიას დაქვემდებარებული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საწყის ეტაპზე გამოყოფილი 600.000 ლარი, უკვე იწურება.

” 600.000 ლარი იყო გამოყოფილი ტრანსპორტის სუბსისდირებისათვის. ეს თანხა უკვე იწურება. ჩვენ ვმუშაობთ და ასე მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისისათვის მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა იქნება ფასიანი. სამგზავრო ღირებულება განისაზღვრება ლარზე ნაკლები თანხით და იქნება იმდენად მიზერული, რომ ჩვენს მოქალაქეებს, მისი გადახდა არ გაუჭირდებათ. ეს თანხა მაინც არ იქნება იმდენი, რაც ავტობუსების მოვლა- პატრონობას სჭირდება, ამიტომ მოგვიწევს თანადაფინანსებაც. ასევე, გადავწყვიტეთ, გადახდის საბარათე სისტემა შემოვიტანოთ. თელავში ერთ- ერთ მარშრუტზე დავამატეთ ლოკაციაც. უახლოეს მომავალში, ვფიქრობთ, გრანტით შევიძინოთ კიდევ ერთი ავტობუსი და მარშრუტში ახლომდებარე სოფლები ჩავსვათ”- განაცხადა ანდრიაშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი 6 მარშრუტით, დილის 7:30- დან საღამოს 19:30- მდე მოძრაობს და მთელი ქალაქის საკვანძო ადგილებს ფარავს.

მგზავრებისთვის გადაადგილება ყველა მიმართულებით, უფასოა.

ახალი ავტობუსები თელავისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით შეიძინა.

ტრანსპორტი ქალაქს, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაეცა, თუმცა, მგზავრების გადაყვანა და სხვადასხვა მარშრუტით მოძრაობა, ავტობუსებმა რამდენიმე თვით გვიან, მხოლოდ 8 თებერვალს დაიწყეს.

ბოლო მუნიციპალური ტრანსპორტი თელავში, 2010 წელს მუშაობდა.

ჯამში მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონისათვის სულ 175 ავტობუსი უნდა იყიდოს.

პროექტის სრული ღირებულება 17 მილიონი ლარია და ავტობუსების საფასური, დროთა განმავლობაში, თავად მუნიციპალიტეტებმა უნდა დაფარონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button