მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში მუსიკალური სკოლები უფასო აღარ იქნება

ახალი სასწავლო წლიდან, თელავის მუსიკალური სკოლების მოსწავლეები სწავლის საფასურს გადაიხდიან. გადაწყვეტილება თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე მიღებულია. მერიის ინფორმაციით, ასევე გადასახადი დაწესდება მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლში არსებულ სხვადასხვა წრეებზე და გაიზრდება ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის საფასურიც. თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში რადიო ჰერეთს განუმარტეს, რომ ფასის დაწესება დაწესებულებების შემდგომ განვითარებას ემსახურება.

“ეს ყველაფერი კი განპირობებულია იმით, რომ აღნიშნულ ააიპებს ჰქონდეთ საკუთარი შემოსავლები, განვითარდნენ როგორც ინფრასტრუქტურის ასევე სხვა მიმართულებებით, მიღებული თანხა მაქსიმალურად მოხმარდეს დაწესებულებების განვითარებას.”- განაცხადეს მერიაში.

ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნიკა ვარდოშვილი ამბობს, რომ პროცესი, მუსიკის ნაცვლად, პედაგოგების საარჩევნო საქმიანაობამ გამოიწვია.

” მუსიკალური სკოლების პედაგოგები რახმანინოვის, ბეთჰოვენისა და შოპენის ნაცვლად, საარჩევნო სიებით დარბოდნენ, ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. ახლა რომ მშობლები გადასახადს ვერ გადაიხდიან, კონტიგენტი აღარ ეყოლებათ და დახურვის საფრთხის წინაშე დადგებიან, მერე აიღონ ხელში სიები. მართალია, სუბსიდიას იღებენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მაგრამ მოსწავლე თუ არ ეყოლებათ, ბიუჯეტი რატომღა შეინახავთ?- განაცხადა ვარდოშვილმა.

გადასახადის დადგენას მუსიკალურ სკოლებში უარყოფითად შეხვდნენ მშობლები. ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ გადასახადი, ძირითადად, საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებს დაარტყამს.

” ეს დიდი სიურპრიზია ნამდვილად და ცუდი სიურპრიზი. მე არ ვარ სოციალურად დაუცველი და არც რაიმე ჯგუფს ვეკუთვნი, ვინც შეღავათით ისარგებლებს. გამოდის, საკითხი ისე დგება, რომ სკოლიდან გამოყვანაზე ვიფიქრო? ეს განათლების უფლების შეზღუდვა არ არის? საშუალო შემოსავალი მაქვს და იმასაც არ მაცდიან, რომ ოჯახს მოვახმარო. ვერაფრით მივხვდი, სარგებელი თითო სჭარბობს ზიანს, რასაც ახლა გვაყენებენ”- განაცხადა მშობელმა.

სწავლის ქირა მუსიკალურ სკოლებში , წლის განმავლობაში 130- დან 150 ლარამდე იქნება. მერიის გადაწყვეტილებით, 50 %-იანი შეღავათით ისარგებელებენ მრავალშვილიანი და დევნილი ოჯახების ბავშვები, სოცილაურად დაუცველები გადასახადისგან სრულად განთავისუფლდებიან, ხოლო დედმამიშვილები საფასურის მესამედს გადაიხდიან.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, თელავის მუსიკლურ სკოლებში სწავლა ყველა მოსწავლისათვის უფასო იყო. ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებები მერიის მიერ დაფუძნებული აიპებია და მათ ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button