რეგიონი

თელავში ორმილიონნახევრიან პროექტზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა

თელავში ორმილიონნახევრიან პროექტზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა.
თელავის აღმოსავლეთ ნაწილში “მშვიდობის პარკის” მოსაწყობად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სატენდერო პირობებმა არცერთი კომპანია არ დააკმაყოფილა და 5 აპრილს, ტენდერი გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე დასრულდა.

ტენდერის ჩავარდნის მიზეზებზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტება არ გააკეთეს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში, მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ტენდერის ხელახლა გამოსაცხადებლად, მუშაობა მიმდინარეობს.

პროექტის თანახმად, გამარჯვებულმა, თელავის აღმოსავლეთ ნაწილში სარეკრეაციო სივრცე უნდა მოაწყოს.
პარკის მშენებლობა, ველო და საფეხმავლო ბილიკების, სკეიდბორდისა და საბავშვო მოედნების, ფანჩატურების, სავარჯიშო და სხვა ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებასაც ითვალისწინებს.

სივრცე სრულად ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისათვის.

სამუშაოების განხორციელებაზე 2 518 787 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს.
ორმილიონნახევრის ღირებულების ტენდერი, “მშვიდობის პარკის” მოსაწყობად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, 25 მარტს გამოაცხადა.

პარკის მშენებლობა, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 240 დღეში უნდა დასრულებულიყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button