მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში პედიატრს ბავშვის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

მშობელი ექიმ-პედიატრს უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება 10 წლის მოზარდს, რომელსაც კოვიდ ინფექციაზე ტესტირება თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ისე ჩაუტარდა, რომ მშობელი საქმის კურსში არ იყო.

ბავშვის ბებია რადიო ჰერეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გაცდენების გამო, სკოლის პედაგოგმა მის შვილიშვილს ცნობა მოსთხოვა, ოჯახმა თელავის ჯანდაცვის კლინიკას მიმართა. ექიმ-პედიატრმა ნინო გიგაშვილმა კი, როგორც ბებია აღნიშნავს, ბავშვს კოვიდ-ინფექციაზე შემოწმება ისე ჩაუტარა, მშობლისგან ნებართვა არ უთხოვია.

“ჩემი შვილი შშმ პირია, თუმცა მასთან კომუნიკაციის დამყარება, პრობლემას არ წამოადგენს. ბავშვი ექიმთან იმის გამო მივიყვანეთ, რომ სკოლამ გაცდენებისთვის შესაბამისი ცნობა მოითხოვა. ექიმმა ნინო გიგაშვილმა კი მას კოვიდ ტესტი ისე გაუკეთა, რომ მშობელი არ გააფრთხილა. სპეციალურად სხვა ოთახშიც კი გაგზავნეს. ტესტირების შესახებ სახლში, ბავშვის ნაამბობისგან გაიგო. ექიმს ამის უფლება არ ჰქონდა”, – აცხადებს რადიო ჰერეთთან ბავშვის ბებია.

ექიმი პედიატრის, ნინო გიგაშვილის განმარტებით, კი მან მოზარდს სთხოვა მასთან ერთად მისული დედისთვის აეხსნა, რომ კოვიდ ინფექციაზე შემოწმება უნდა ჩატარებოდა.

“ბავშვის დედა შშმ პირია, არის სმენადაქვეითებული და მასთან კონტაქტი ჩემთვის ძნელია, ამიტომაც ვთხოვე მოზარდს დედისთვის ეთქვა, რომ კოვიდზე ანალიზებს ავუღებდით. დარწმუნებული ვიყავი რომ დედა საქმის კურსში იყო, სხვა შემთხვევაში ამ ანალიზებს, რა თქმა უნდა, მშობლის ნებართვის გარეშე არ გავაკეთებდით“, – აცხადებს ექიმი-პედიატრი, ნინო გიგაშვილი.

მოზარდის მასწავლებელი კი განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვმა გაკვეთილების გაცდენა დაიწყო, მისი მოკითხვა გადაწყვიტა და ექიმთან ვიზიტის შემთხვევაში, ცნობის აღება ითხოვა.

„რადგან ბავშვი თითქმის ერთი კვირა აცდენდა გაკვეთილებს. მოვიკითხე და ვურჩიე, იმ შემთხვევაში თუ ის ექიმს მიმართავდა, ჯანმრთელობის ცნობაც აეღო, რადგან პანდემიის გამო ქვეყანაში საშიში მდგომარეობაა. მე ბავშვი არ დამივალდებულებია, რომ აუცილებლად ექიმთან წასულიყო ცნობის ასაღებად“, – ამბობს თელავის მეცხრე სკოლის პედაგოგი ნინო ორკოდაშვილი.

10 წლის მოზარდის ტესტის პასუხი კი როგორც თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში განმარტავენ, უკვე ცნობილია და ის უარყოფითია.

მოუსმინეთ მხარეთა კომენტარებს

მსგავსი პოსტები

Back to top button